თუ პარლამენტში შემოსვლას არ აპირებდნენ, რა აზრი ჰქონდა ასეთი დოკუმენტის წარმოდგენას – თუმცა გადაჭრით და 100%-ით ამას ვერ ვიტყვით, დაველოდოთ 15 ოქტომბერს სესიის განახლებას, სადაც გაცხადდება რას აპირებენ ეს პირები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 8 წევრმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის.
მისი თქმით, პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რვა პირისგან წერილი მიიღო, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ.
„საგაზაფხულო სესია იმით დასრულდა, რომ ე.წ გახარიების პარტიის 12 წევრს უფლებამოსილება შეუწყდა იმის გათვალისწინებით, რომ აცდენდნენ სხდომებს და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. ამ პარტიის მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილების საკითხი ლოგიკურად დგება დღის წესრიგში, რადგან სია არ ჩაუხსნიათ ცესკოში. ცესკომ მოგვმართა შემდგომი 12 წევრისთვის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიამ ცნო უფლებამოსილება. ამ ეტაპზე ჩვენ ამ 12 პირისგან რვა პირის წერილი მივიღეთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ. ანუ, სავსებით ლოგიკური დასკვნაა, რომ ისინი პარლამენტში ფიზიკურად შემოსვლისთვის ემზადებიან. ასევე ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერმა გახარიამ შეცდომა უწოდა პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას და პარლამენტში შემოსვლას, ამიტომ სავსებით ლოგიკური დასკვნაა, რომ ეს დოკუმენტბრუნვა იმისთვის არის, რომ მათ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტის წევრის ადგილი და გამოიყენონ საპარლამენტო რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ წერილობით მომართვას არანაირი აზრი არ აქვს. თუ პარლამენტში შემოსვლას არ აპირებდნენ, რა აზრი ჰქონდა ასეთი დოკუმენტის წარმოდგენას – ლოგიკურად ასეა. თუმცა გადაჭრით და 100%-ით ამას ვერ ვიტყვით, დაველოდოთ სესიის განახლებას, 15 ოქტომბერს, სადაც გაცხადდება რას აპირებენ ეს პირები. ამ პარტიისგან არც ტყუილი გვიკვირს, არც ნათქვამის გადათქმა და არც ღალატი და გაქცევა”, – განმარტა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით კი, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.