გახარია გაიქცა და ეძებს თავშესაფარს, მადლობა, გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან, ხაზარაძეს დაუტოვა პარტია, ისიც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო, კომედიაა-თამარ ჩერგოლეიშვილი

12
spot_img

მამუკა ხაზარაძესთან ერთადაც მარტო იქნება ბიძინა, ეს იქნება ჩვენი ამოცანა და ამას უზრუნველვყოფთ. ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიზანია, მთავარი ოპოზიცია გახდეს.

„ყველაფერს იტყუებოდა, საკუთარ თავზე რაღაც რეალობებს იგონებდა, ხალხს ატყუებდა, რათა თავის გარშემო რაღაც შემოეშენებინა. ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს ხედავს იმად, რომ თვითონ გახდეს მთავარი ოპოზიცია. რეჟიმი რომ მოვარყიოთ და ახალი არჩევნები ჩაინიშნოს, ხაზარაძე პარლამენტში შედის თანასწორად დანარჩენ ძალებთან ერთად, მაგრამ თანასწორობა არ უნდა. უნდა, თვითონ იყოს უფროსი და თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს თუ „ჩაუფენს“, შანსი აქვს, თვითონ იყოს მთავარი.

გახარიასთან გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილის ეგიდით რატომ არ დათანხმდა? რადგან გახარია არ დათანხმდა გაწევას. ხაზარაძემ მეტი არაფერი იცის, 90-იან წლებში როგორც ითრევდნენ ბიზნესებს, ისე ხედავს პარტიის ლიდერობასაც. გახარიას პარტიის დათრევა უნდოდა, შენ გაიწიე და პარტია მომეციო. მისცა პარტია, ის გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, ბრიუსელში უფრო გამოვადგები ქვეყანასო. მადლობა, გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. გაქცეულებისა და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს. იმ ხალხს მონაწილეობა უნდა არჩევნებში, ფული არ აქვთ, ტელევიზია არ აქვთ და თვითონ რომ არ არის, ხაზარაძეს დაუტოვა. ხაზარაძეც ბედნიერია, რომ ხელში ჩაიგდო გახარიას პარტია. სასაცილო და კომედიაა, რაც ხდება“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სექტემბერში ისეთი განწყობა თუ იქნება ხალხში, როგორიც დეკემბერში იყო, „ხაზარაძე არჩევნებში ვერ შევა, უბრალოდ გადაირეცხება“.

„ამ ადამიანებთან შეთანხმებებს აზრი არ აქვს. არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს არა შეთანხმებები და პოლიტიკოსების ნალაპარაკები, არამედ გარემოებები, ის, რას იზამს ქართველი ხალხი. ჩვენ თუ შევძელით, რომ სექტემბერში იყოს აქ ისეთი განწყობა, როგორიც იყო დეკემბერში, ვერ შევა ხაზარაძე, უბრალოდ გადაირეცხება. პროცესის ლოგიკაა, რომ ოლიგარქიას რეცხავს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „დეკორაციად გამოყენება“ უნდოდა.

„არავის ბრალი არ არის ის, რაც ხაზარაძის თავს ხდება. ხაზარაძე უარყოფს რეალობას. იმდენად გახარბებულია, რომ უნდა დამარცხებულებში რაღაც სტატუსი მოიპოვოს და ვიღაცამ უფროსად აღიაროს. ეს მოთხოვნილება აქვს, რომ სადღაც იყოს უფროსი. ამას ითხოვდა, თავისი ალტერნატიული პარლამენტი უნდოდა და ამაზე უარს რატომ მეუბნებითო. დეკორაციად უნდა ყველაფერი, ჩვეულებრივი ოლიგარქია. სალომე ზურაბიშვილის გამოყენება უნდოდა დეკორაციად, რომ თავის რაღაც ყუთლუ არსლანის კარავი გაეკეთებინა და შიგნით თავი უფროსად ეგრძნო. სალომე უნდოდა სადღაც მხარზე დეკორაციად, მეტი არაფერი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.