გერმანიის საქსონიის მხარის გაზეთ „ზეკსიშე ცაითუნგში“ (Sächsische Zeitung – იბეჭდება დრეზდენში, 300 ათასიანი ტირაჟით) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო: ჰოისვერდელი მოსწავლეების მოგზაურობა კავკასიაში“ (ავტორები – პაულა ულმანი და ლეონორ ზოხი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჰოიესვერდის ლესინგის სახელობის გიმნაზიის მე-11 კლასის 14 მოსწავლისა და 4 რუსული ენის მასწავლებლის ყოფნა საქართველოში, გასული წლის ოქტომბერში.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
გერმანელ მოსწავლეებს, რომლებიც რუსულ ენას ეუფლებიან, კავკასიის მომხიბლავ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ექსკურსიას ხელმძღვანელობდა დოქტორი ფილიპ მენდე, რომელიც ადრე რამდენჯერმე არის ნამყოფი საქართველოში და კარგად იცნობს ადგილობრივ კულტურულ და ენობრივ სპეციფიკას.
„რუსეთ-უკრაინის ომის გამო იმ გერმანელ მოსწავლეებს, რომლებიც რუსულ ენას ეუფლებიან, სამწუხაროდ, რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში წასასვლელად, ენობრივი პრაქტიკის მიზნით, გზა ჩაეკეტათ. ამიტომაც ჩვენ შევარჩიეთ საქართველო – კავკასიური სახელმწიფო, სადაც რუსული ენა საკმაოდ გავრცელებულია და ადამიანების ურთიერთობაში კვლავ იყენებენ. გარდა ამისა, ამ ქვეყნის ბუნება, გეოგრაფია, ეთნოგრაფია, ისტორია და კულტურა იმდენად საინტერესოა, რომ ამ მხრივაც საქართველო რეგიონის ცენტრალურ ქვეყნად მოიაზრება. საქართველო, სომხეთთან ერთად, ძალიან მრავალფეროვან ქრისტიანულ ქვეყანას წარმოადგენს.. ჩვენი მოგზაურობას შეიძლება საგანმანათლებლო ტური ეწოდოს“, – აღნიშნავენ „ზეკსიშე ცაითუნგის“ ჟურნალისტები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად იყვნენ თბილისში.
„2 ოქტომბერს, 20 საათსა და 50 წუთზე ბერლინიდან გამოფრენილი ჩვენი ავიალაინერი დედამიწის ზღაპრული ქვეყნის – საქართველოს დედაქალაქში დაეშვა და ჩვენ პირველად დავადგით ფეხი ქართულ მიწას“, – ასე ემოციურად არის აღწერილი გერმანელი ჟურნალისტების მიერ თბილისში ჩამოფრენა.
პუბლიკაცია მოიცავს თბილისურ შთაბეჭდილებებს, რომელიც გერმანელებმა ძველი ქალაქში გასეირნებით მიიღეს. საკმაოდ ფართოდ არის აღწერილი საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები. აღნიშნულია ქართველების ღრმა რელიგიური რწმენა და პატივისცემა ქრისტიანული წეს-ჩვეულებებისადმი.
„მესამე დღეს მოვინახულეთ მცხეთა, საქართველოს ყოფილი დედაქალაქი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრსაც წარმოადგენს თავისი მრავალი ეკლესია-მონასტრით, გავიარეთ ბაზარში და დავაგემოვნეთ ქართული „ჩურჩხელა“ – საკონდიტრო ნაწარმი თხილის, ნიგვზისა და სხვა შიგთავსით, შესქელებული ყურძნის წვენისაგან მომზადებული. ვიყავით გორში, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, ვნახეთ უფლისციხე – მღვიმური ქალაქი“, – წერენ ავტორები.
არანაკლები შთაბეჭდილებები მიიღეს გერმანელმა სტუმრებმა სტეფანწმინდაში, სადაც ისინი თბილისიდან ავტობუსით გაემგზავრნენ, „რუსეთთან საზღვრის ახლოს“: „ჩვენს თვალწინ მთელი თავისი დიდებულებით გამოჩნდა გერგეტის სამების ეკლესია, თალუწვდენელი კავკასიის მთების ფონზე. ეს ნამდვილად ზღაპრული სანახაობა იყო… არასოდეს მსგავსი გრანდიოზული რამ არ გვინახავს“.
„მოვინახულეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიულ-რელიგიური ძეგლი – დავით გარეჯის მღვიმური მონასტერი,რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. შემდეგ გავემართეთ სიღნაღში, შუასაუკუნეების გალავნით შემოსაზღვრულ ქალაქში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ და კულტურულ-ეთნოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გერმანელები იყვნენ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის კანიონში, ტურის ბოლო დღეს კი ისევ თბილისში გაისეირნეს, იყვნენ კუს ტბაზე და შეიძინეს სუვენირები ხალხმრავალ ბაზარზე.
„ჩვენი თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ჩვენ არამარტო გავეცანით კავკასიური ქვეყნის კულტურას და თანამედროვე ცხოვრებას, არამედ გაგვიმტკიცდა გერმანელი და ქართველი ხალხების ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნების სურვილი“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.