უცხოურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ტრადიციულად ყურადღება დაუთმეს და გააშუქეს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკაციებში და რეპორტაჟებში გარკვეული ტენდენციურობა და ცალმხრივობა შეიმჩნევა: გაზვიადებულია ოპოზიციის აქტიურობა, ხოლო ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები დემოკრატიული ნორმების დარღვევად არის წარმოჩენილი.
ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „გაიქეცით, რევოლუცია დაიწყო“ – საქართველოში შიშის ატმოსფერო ბატონობს“ (ავტორი – ფლორიან ზადლერი), რომელშიც ვრცლად არის გადმოცემული თბილისში ოთხ ოქტომბერს განვითარებული მოვლენები.
“ქაოსი საქართველოში: ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა მთავრობის დამხობა მოისურვა. მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეს შეუტიეს და პოლიციის სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ. არიან დაშავებულები. ძლიერდება ნეგატიური ნიშნები იმისა, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ავტორიტარულ სახელმწიფოდ შეიძლება გადაიქცეს“, – წერს გერმანელი ჟურნალისტი სტატიის დასაწყისში.
„გერმანული საზოგადოების ყურადღება გადატანილია უკრაინაში და ღაზას სექტორში მიმდინარე ომებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და კოალიციურ მთავრობაში მომხდარ უთანხმოებაზე, ამ დროს კი საქართველოში დრამატული მოვლენები ვითარდება. უკვე თითქმის ერთი წელია ქართველები ყოველდღიურად აპროტესტებენ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს, ამას კი ახლა არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენებიც დაემატა. ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებს, წესით, შედარებით ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ საქართველოში საქმე სხვაგვარადაა. ადგილობრივი არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, უკმაყოფილებისა და მრისხანების გამომწვევ მოვლენას წარმოადგენს. ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან თვლის, რომ ხელისუფლება მას მაინც გააყალბებს. არჩევნებს არც ევროკავშირისა და სხვა ორგანიზაციების საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებიან. ქართველებს როგორც კი დაელაპარაკები, მათგან მუდმივად გესმის, რომ ქვეყანა თანდათან ბელარუსს ემსგავსება“, – წერს პუბლიკაციის ავტორი.
სტატია რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, რომლებთაც ასეთი ქვესათაურები აქვთ:
ა) „დაპატიმრებები, ძალადობა და ხალხის მრისხანება“ – გადმოცემულია ოპოზიციის დამოკიდებულება მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსის მიმართ, „რომელიც სულ უფრო ანტიდასავლურ კანონებს იღებს და მის საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად ჩანს პრორუსული ორიენტაცია. ხელისუფლება სულ უფრო მეტად აქტიურობს დასავლეთის მხარდამჭერ მოქალაქეთა დასაშინებლად, რომლებსაც აპატიმრებს და დევნის“. ყურადღება გამახვილებულია აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებზე – ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ იგორ ნარმანიაზე და ა.შ.
ბ) „ბრიუსელისკენ თუ მოსკოვისაკენ?“ – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანულენოვანი იურისტია, რომელმაც დოქტორის ხარისხი დიუსელდორფში მიიღო, მაგრამ სწორედ მან გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება საქართველოს გაწევრიანების მიზნით. ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისის პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია ორი მიმართულება ებრძვის ერთმანეთს – საიდ წავიდეს ქვეყანა – ბრიუსელისკენ თუ მოსკოვისაკენ? ბოლო დროს პრომოსკოვური კურსი შესამჩნევი გახდა. როგორც ჩანს, ამას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტები განაპირობებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა.
გ) „ოპოზიციის ნაწილის იმედები: „ხელისუფლება დაემხობა“ – სტატიის ამ ნაწილში საუბარია „ცნობილი საოპერო მომღერლის“ პაატა ბურჭულაძის დეკლარაციაზე მთავრობის მშვიდობიანი დამხობის მიზნით. ავტორი ესაუბრება თინათინ ერქვანიას, სამართლის პროფესორს, რომელმაც დოქტორის წოდება ბერლინში მიიღო და მიხეილ სააკაშვილის პარტიის მომხრეა და რომელიც აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ქართველების ოცნება – დემოკრატია და კანონის უზენაესობა – დაასამარა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, „ძნელია იმის წარმოდგენა, რომ საქართველო – ტურიზმისა და დასვენების ქვეყანა, რომელიც გერმანელებში პოპულარობით სარგებლობს თავისი ღვინით და ეროვნული საჭმელებით, რომელსაც ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი აქვს, რომლის მოსახლეობის 80%-ს პროევროპული ორიენტაცია აქვს, უეცრად ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. სამწუხაროდ, ავტორიტარიზმის ნიშნები სულ უფრო მეტი ხდება, რაც სხვადასხვა ფაქტებით და მოვლენებით დასტურდება. მაგალითად, იმით, თუ როგორ უპატივცემლოდ ეპყრობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელები გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, ან სხვა დასავლელ დიპლომატებს: მათ მმართველი პარტიის ფუნქციონერები ყოველდღიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. პარლამენტის სპიკერმა გერმანიის ელჩს სიტუაციის ესკალაცია დააბრალა – იმიტომ, რომ იგი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ერევა და მმართველ პარტიას საჯაროდ აკრიტიკებს. გერმანიის ელჩი ამას წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს [და მისი მოქმედებით უკმაყოფილება გამოხატეს] – პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში“.
დ) „რეპრესიები ძლიერდება“ – საქართველოს დამოუკიდებელი მასმედია წნეხის ქვეშაა. კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლები ან ზეწოლის ქვეშ არიან, ან მათ სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ქვეყანაში შიშის გრძნობაა გაბატონებული. რეპრესიებს ვერ გაექცნენ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და ისინი, რომლებიც ადრე ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები იყვნენ, მაგალითად, გიორგი ბაჩიაშვილი.
„და მაინც თბილისში არჩევნების დღეს რევოლუცია არ მომხდარა. ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტის სასახლის შტურმი მთავრობის დაკვეთით განხორციელდა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ სახელმწიფოს პასუხი იქნება უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია „დი ველტში“ გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.
კიდევ ერთი გერმანული მედიასაშუალების – სამაუწყებლო კომპანიის – რადიო „დოიჩე ველეს” (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „საქართველოში პოლიციამ მთავრობის მოაწინააღმდეგე მომიტინგებიის მიმართ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა“ (ავტორი – ემა სასიპორნკარი), რომელიც გადმოცემულია ქართული საზოგადოების ოპოზიციური ნაწილის უკმაყოფილება მმართველი პარტიის ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ.
პუბლიკაციები გამოქვეყნდა აგრეთვე ბრიტანულ მასმედიაშიც – გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) დაბეჭდა სტატია სათაურით „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისში მომხდარი პროტესტების შემდეგ, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე დევნა გამოაცხადა და ევროკავშირის ელჩი „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ მცდელობაში დაადანაშაულა“ (ავტორი – დებორა ქოული). პუბლიკაცია მომზადებულია დასავლური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ამბების საფუძველზე. გარდა ამისა, მსგავსი სტატია გამოაქვეყნა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“-მ (BBC) თავის ვებ-გვერდზე სათაურით „საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს“ (ავტორი – რაიჰან დემიტრი და ანრი ასტე).
თბილისურ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკული პრესაც – გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსში“ (Los Anjeles Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში, რუსეთის მსგავსად, მიმართულია როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების, ასევე უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი მასმედიიის წინააღმდეგ“ (ავტორები – სოფიკო მეგრელაძე და დაშა ლიტვინოვა).
პუბლიკაციის მთავარი მომენტები: საქართველოს მმართველი პარტია უპრეცედენტო რეპრესიებს ახორციელებს იმ ადამიანებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები არიან. პროტესტის მონაწილეებს დიდი ჯარიმები და პატიმრობა ელოდებათ. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ კურსს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ ბრიუსელმა თბილისზე ზეწოლა მოახდინოს და მმართველმა პარტიამ დემოკრატიისაგან უკუსვლა შეწყვიტოს.
რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ყოველთვის რუსული მასმედიაც ყურადღებას აქცევს. არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციები აქტიურად გაშუქდა ტელეარხების («Первый канал», «Россия-1» და ა.შ.) მიერ მომზადებულ ახალი ამბების გამოშვებებში, ხოლო პრესაში – 6 ოქტომბრის ნომრებში. მაგალითად, გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) დაიბეჭდა სტატია სათაურით „მცირე ოქტომბრის რევოლუცია“: ქართულმა ოპოზიციამ თავისი დაპირება ვერ შეასრულა – მტავრობა ვერ დაამხო“ (ავტორი – გიორგი დვალი), „საქართველოს მუნიციპალური არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა, სრულიად მოსალოდნელი იყო, თუმცა იმავდროულად ინტრიგაც იქნა შენარჩუნებული მთავარი საკითხის მიმართ – რა ელოდება ქვეყანას მომავალში. არცევნებმა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ გააშიშვლა ქართული პოლიტიკის ქრონიკული პრობლემები: ელექტორატის მზარდი დაღლილობა პოლიტიკური ელიტის ღრმა განხეთქილების ფონზე ქვეყნის სტრატეგიული განვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, აგრეთვე ქართველი „მარადიული რევოლუციონერების“ მიერ მოწყობილი ქუჩის პროტესტების სულ უფრო მეტი რადიკალიზაცია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ამ საკითხებზე ავტორი ესაუბრება პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც იმავდროულად ქუთაისის მერობის კანდიდატიც იყო. მისი აზრით, რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია ზომიერ ოპოზიციონერებს მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ მათ რეჟიმთან ბრძოლის განსხვავებული ხედვა აქვთ. „ძალზე სიმბოლურია, რომ სალომე ზურაბიშვილმაც კი, რომელიც თავის თავს „ერთადერთ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“ უწოდებს, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და სხვა რადიკალები „პროვოკატორებად“ და „ხელისუფლების აგენტებად“ მონათლა“.
კიდევ ერთ რუსულ გაზეთში – „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა: შედეგი მსოფლიო კულტურისათვის – საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს „ჯგუფური დანაშაულის“ ბრალი წაუყენეს“ (ავტორი – მარინა პერევოზკინა). „აშკარაა, რომ საოპერო მომღერლის გაპოლიტიკოსება ქართული ოპოზიციის სასოწარკვეთილი მდგომარეობას მოწმობს: ოპოზიციას აღარ ჰყავს ცნობადი და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებსაც მოსახლეობის აყოლიება შეუძლია. არაპოპულარულ სალომე ზურაბიშვილზე დადებულმა ფსონებმა არ გაამართლა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. ავტორი ეხება კონკრეტულად პაატა ბურჭულაძის ბიოგრაფიულ მომენტებსაც: „იგი მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვლავია, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა თეატრებში – მილანის „ლა სკალაში“, მოსკოვის დიდ თეატრში, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერაში“… სხვათა შორის, 2017 წლიდან პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობს. იგი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ნემო ბურჭულაძის ნათესავია. არ არის გამორიცხული, რომ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკოსად გადაქცევაზე ოჯახმა გარკვეული გავლენა მოახდინა“.
„მოკლედ, არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე იერიში ხელისუფლების ხრიკების შედეგი იყო, თვითონ ისინი მშვიდობიან მიტინგს ატარებდნენ…“.