,,გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, ასევე, გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა’ – მიხეილ სარჯველაძე

3
spot_img

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო, – ამის შესახებ არლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა.

„მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას – საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში – მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით – მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.