“გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! – ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ!”

84
spot_img

გაგიკვირდებათ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ შექმნან?! – ეჭვიც არ მეპარება, რომ იზამენ! გაიხსენეთ, როდესაც “ქართულ ოცნებას” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის გამყარება დასჭირდა, ვინ დაეხმარა მათ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

ბუჩუკურის შეფასებით, ფაქტები ადასტურებს, რომ როდესაც “ქართულ ოცნებას” უჭირს, მას ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” ეხმარება.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას ამ ორ პარტიასთან არ შექმნის არც არჩევნებამდე და არც არჩევნების მერე, რადგან ორივე პარტია წარსულია და მათ სამომავლო რესურსი არ გააჩნიათ.

„შექმნის დღიდან ჩვენი გუნდის პოზიცია უცვლელია – ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ! ჩვენთვის განსაკუთრებული წითელი ხაზია “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენი გუნდის მიზანია “ნაცებმა” და “ქოცებმა” ჯამში ხმების 50%-ზე მეტი არ აიღონ. ვისურვებდი, რომ სხვა პარტიების მიზანიც ეს იყოს. საზოგადოება “ნაც-ქოცური” პოლიტიკური დღის წესრიგით დაიღალა.

როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ „ქოცებთან“ და „ნაცებთან“ კოალიცია არ გვექნება, ამაში იგულისხმება, რომ კოალიცია არ გვექნება როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.