
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, გიორგი ბუთლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე გაგა მკურნალიძის მიმართ ითხოვდა 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო გიორგი ბუთლიაშვილის მიმართ 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.
სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, არსებობს მიმალვისა და დანაშაულის თავიდან ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა მიმალვისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის მცდელობა ბრალდებულებს არ ჰქონიათ.
სხდომაზე გიორგი ბუთლიაშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა, რაც შეეხება გაგა მკურნალიძეს, მან სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.