გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთავრობებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

54
spot_img

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მთავრობებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საუბარია კლიმატის ცვლილებაზე და რეკორდულ სიცხეზე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

3 ივლისს ისტორიაში რეკორდულად ცხელი დღე დაფიქსირდა. ჰაერის დღიური საშუალო ტემპერატურა 3 ივლისს 17.01°C იყო. მონაცემი აშშ-ის ეროვნულ ოკეანურ და ატმოსფერულ ადმინისტრაციაზე (NOAA) მიბმულ ორგანიზაციას ეკუთვნის. თუმცა, ეს რეკორდი მალევე მოიხსნა და ახლა ეს “ტიტული” 6 ივლისს ეკუთვნის.

ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კლიმატის კრიზისი სულ უფრო მწვავდება.

„კლიმატის ცვლილება უკონტროლო ხდება. ზომების მიღება აუცილებელია. თუ ასე გაგრძელდა კატასტროფა გარდაუვალია”, – თქვა მან.

6 ივლისს დღიური საშუალო ტემპერატურა 17.18°C დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე.

როგორც New Scientist იტყობინება, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა საგანგაშოა და სასწრაფო ზომებია მისაღები.

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.

1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა იზრდება. მეტიც, 21-ე საუკუნიდან საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.

ლიდსის უნივერსიტეტის კლიმატის ფიზიკის პროფესორმა პიერს ფორსტერმა განმარტა, რომ კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში ბოლო რამდენიმე კვირაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ტემპერატურა ზოგიერთ შემთხვევაში 46°C-ზე ავიდა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეკორული სიცხე გაგრძელდება. როგორც ისინი ამბობენ, ახლა მოქმედების დროა და სახელმწიფოებმა სპეციალური ზომები უნდა მიიღონ.