სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია, როგორც ჩემი თანამშრომლები მეუბნებიან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, გაერო გეგმავს ევაკუაციის პროცედურების დაწყებას. უბრალოდ ჯერ არ არის დაზუსტებული დრო, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განუცხადა.
„ისევ და ისევ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაგვიზუსტოს დრო და ადგილი – სად უნდა შეიკრიბოს ეს ხალხი და საიდან უნდა განხორციელდეს ევაკუაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შევძლებთ მივიდეთ საჰაერო ხომალდთან და შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, შეძლებს თუ არა ჩვენი საჰაერო ხომალდი გამოფრენას“, – აცხადებს კიკნაძე.
არეულობა სუდანში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. უკვე ერთი კვირაა რაც სუდანის მოსახლეობა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების პირობებში ცხოვრობს. ქვეყანაში პროდუქტის, სასმელი წყლისა და ელექტრომომარაგების კრიზისი დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.