სტომატოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, გამოიწვევს თუ არა კლინიკების მიმართ შემოღებული ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების ზრდას.
როგორც ასოციაციაში განაცხადეს, განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება, სტომატოლოგიური მომსახურების ფასებზე არ აისახება.
მათივე ინფორმაციით, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამასთანავე, როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ტექნიკურ განახლებებს და შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს.
„რაც შეეხება ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებისას სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების გაზრდის საკითხს, მინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ვერ მოხდება. როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან; ამასთანავე, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ასევე, ტექნიკურ განახლებებს და შესაბამისად, შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს“,- აღნიშნავენ სტომატოლოგთა ასოციაციაში.
ინფორმაციისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სტომატოლოგიური კლინიკების პერსონალისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზეც – თანამშრომლებს მოეთხოვებათ გრიპის და წითელა – წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.
ამასთან, ყველა კლინიკა ვალდებულია, ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი.
„მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ინსტრუმენტების სასტერილიზაციო სივრცეში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კასეტების ქონა:
კლინიკას უნდა გააჩნდეს თავდახურული კონტეინერები, რითაც ხორციელდება გამოყენებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოში ტრანსპორტირება და ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება მათი დეკონტამინაცია. ყველა სამუშაო ოთახში უნდა იყოს მარკირებული კონტეინერ(ებ)ი.
ხაზგასასმელია, რომ ტექნიკური რეგლამენტით წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპები შედგება შემდეგნაირად:
წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დალბობა, დალბობის შემდგომი რეცხვა, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი რეცხვა და გაშრობა.ანუ, ეს ჩანაწერი ხაზს უსვამს, რომ წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა იყოს ორ ეტაპიანი.ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია ინსტრუმენტების შენახვის შემდეგი პირობები:
ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 240C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)
ზემოაღნიშნულისთვის კლინიკას დასჭირდება შესაბამისი საზომი საშუალებები (ტემპერატურის + ტენიანობის)
სიახლე, რომელსაც ვხვდებით ტექნიკურ რეგლამენტში, არის ინსტრუმენტების სტერილიზაციის ბიოლოგიური კონტროლის ჩატარების ვადები:
სტერილიზაციაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და ეპიდჩვენებით.
დაზუსტდა კლინიკის პერსონალისთვის ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩასატარებელი ტრენინგების ჯერადობა (ვადები):
სამედიცინო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალს რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, სამედიცინო ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ცოდნის განახლების მიზნით.
დაზუსტდა იმ პროტოკოლების ჩამონათვალი, რომელიც ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს:
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ/შ, ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების თაობაზე:
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება,
- ხელის ჰიგიენა,
- კონტამინირებული საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია,
- ნარჩენების მართვა,
- დაწესებულების/ერთეულის დალაგება-დასუფთავება,
- მაღალი რისკის ექსპოზიციის მართვა
განახლებული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი:
კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი და სხვა), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვა), საგულე საშუალებები (კოფეინი, ნიტროგლიცერინი და სხვა), ნიფედიპინი, გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, ლახტი, არტერიული წნევის საზომი აპარატი
ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, და ყოველწლიურად აგროვებდეს ქულებს. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შედის 2025 წლიდან:
დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში.
საზოგადოებაში აქტიური განხილვის საკითხი გახდა სავალდებულო იმუნიზაციის კომპონენტი. ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოდ განსაზღვრულია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალს, ასევე, მოეთხოვება გრიპის (სეზონურად)წითელას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის შესახებ მინისტრის 2019 წლის ბრძანების მიხედვით.
აქვე, დაზუსტდა C ჰეპატიტის სკრინინგის საკითხი:
6 თვეში ერთხელ – დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – აცხადებენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი