გადაჭარბებულ ხმაურის რეგულაციაზე სანქციები მკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში.
არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე.
რაც შეეხება რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, როგორც ტურისტული ქალაქისათვის აქტუალურ ობიექტებს, აქ ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს.
რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი.
ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შემთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს.
სწორედ იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს გადაჭარბებული ხმაური, მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას და დარღვევების პრევენციას.
კანონპროექტის მიხედვით:
ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით;
ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით;
გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ კანონპროექტს ჩვენ უახლოეს მომავალში მივაწვდით საქართველოს პარლამენტს და იმედი გვაქვს რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“,- აღნიშნა კალაძემ.