გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას  თავი ტერორიზმის საფრთხისგან -ისრაელის პრეზიდენტი

12
spot_img

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება შეესაბამება ქვეყნის მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

„გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან“, – წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

მან ისრაელელ სამხედროებს და საგანგებო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის ძალებში მყოფი ჩვენი ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ, ასევე უსაფრთხოების, საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიმართ ყველა საბრძოლო ფრონტზე მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა.