საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. არსებული ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მას შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან.