G7 შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მოითხოვს

81
spot_img

23 აპრილს დიდმა შვიდეულმა მარცვლეულის შეთანხმების “გაგრძელება, სრული განხორციელება და გაფართოება” მოითხოვა. G7-ის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მიაძაკიში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ აღიარეს შეთანხმების მნიშვნელობა და თქვეს, რომ მხარს უჭერენ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას და გაფართოებას.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. ის მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. გასული ივლისის შემდეგ, უკრაინიდან დაახლოებით 28 მილიონი ტონა მარცვლეული გავიდა, მათ შორის ისეთ ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც გლობალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგანან.

თუმცა რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ არ მოიხსნება დაბრკოლებები მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით, უკრაინას მოუწევს მარცვლეულის ექსპორტი ხმელეთის გამოყენებით, ხოლო მოსკოვი გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების მიღმა იმუშავებს.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს გამოიყენოს საკვები, როგორც დესტაბილიზაციის საშუალება და როგორც გეოპოლიტიკური იძულება და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ საკვების იარაღად ქცევით.” – ნათქვამია G7-ის მინისტრების საერთო განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კვირას Telegram-ზე დაწერა, რომ თუ G7 გადაწყვეტს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, მოსკოვი შეწყვეტს მარცვლეულის შეთანხმებას. გავრცელებული ინფორმაციით, G7-ის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას განიხილავენ.