ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის, ანუ გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.
აღნიშნული ანაზღაურების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ექვსმა მოსამართლემ, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა დაშავებულ პირებზე. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 15 000 ევროს გადახდა დააკისრა დავით ქურდოვანიძისთვის, მაკო გომურისთვის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანისთვის. მთავრობამ 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვს, ზაზა სვანაძეს, თამარ ბაღაშვილს, გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, თორნიკე კოშკაძეს, გურამ მურადოვს, გიორგი ჭუმბურიძეს, ეკატერინე აბაშიძეს, გიორგი დიასამიძეს, დავით შეყილაძეს, დიმიტრი ფოჩხიძეს, ირაკლი გიორგაძეს, ნიკოლოზ შარვაშიძეს, თეიმურაზ დიდბერაშვილსა და ვახტანგ ბერიკაშვილს. 1 800 ევრო უნდა გადაუხადონ ირაკლი ხვადაგიანსა და ირაკლი ჩიკვილაძეს. მთავრობამ უნდა აანაზღაუროს ნებისმიერი დამატებითი ხარჯი. ამას გარდა, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაავალდებულა, რომ აანაზღაურონ მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯები და თითოეულის წარმომადგენელს 6 000 ევრო ჩაურიცხონ. მთავრობას ამ ვადებულებების ანაზღაურება 3 თვეში ევალება.
მოსამართლეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე მომჩივნის გარდა, დანარჩენ შემთხვევებში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, “არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”. ევროსსასამართლომ მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივარი სუბსტანციურად არ დააკმაყოფილა, თუმცა დაადგინა პროცედურული დარღვევა საქმის არასათანადოდ ჩატარებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ, 6 1-ის წინააღმდეგ, თავი შეიკავა მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად საჩივრების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან (მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება).
სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა 38-ე მუხლი – სახელმწიფოს ვალდებულება, სასამართლო უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საშუალებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის შემოწმების საჭიროება.