ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციით წარმოდგენილი არ ვიქნებით, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს -შალვა პაპუაშვილი

22
spot_img

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზილუციაში რაც ვნახეთ, საბჭოთა სტილის აქტი იყო, როდესაც სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით PACE-მ საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას საბჭოთა სტილის ქცევა ვირუსივით შეეპარა, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს.

„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ტენდენციებს, რომელიც სხვადასხვა ფორუმზე ხდება, სადაც ძირითადად ვხედავთ, რომ გავლენა აქვთ პოსტსაბჭოთა ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე ადვილად მართულები აღმოჩნდნენ იმ ქსელის მიერ, რომლებიც დღეს ომის აქტივისტები არიან. ამ გავლენებზე ყველაზე მოწყვლადი ზუსტად ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომლებიც დღეს ევროკავშირს აფარებენ თავს. ქვეყნების სუვერენიტეტის, ხალხების სუვერენიტეტის უპატივცემულობის საბჭოთა მიდგომებს იმეორებენ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაში, იყო საბჭოთა სტილის აქტი, როცა სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით  ამ ორგანიზაციამ საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებმა დელეგაცია დატოვეს. PACE-ში დღეს დელეგაციით წარმოდგენილი არ ვართ იქამდე, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რთულია, აქ ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. PACE-ში იმავე ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, იგივე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. საბჭოთა სტილის ქცევაა, რომელიც ვირუსივით შეეპარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს. 9 აპრილის აღნიშვნის ფონზე, იმისთვის არ ვიბრძოდით და არ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ დღეს ესტონეთმა  გვიკარნახოს, ხან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა ან შვედმა დეპუტატმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე „მაიდანს“ ითხოვდა, უკარნახოს ქართველ ხალხს, ვინ აირჩიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.