ვერ უარვყოფთ ფაქტს, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედით შეჰყურებს დასავლეთს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს. ესენი არიან ადამიანები, ვინც ქუჩაში აპროტესტებს და სჯერათ იმ ღირებულებების, რომლებსაც წარმოვადგენთ. სურთ, მათმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილ დემოკრატიად აქცევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სათანადო პასუხი იქნება კარის დახურვა, – ამის შესახებ ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენელმა, ელიზაბეტა გარდინიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროსაბჭომ საქართველოს უნდა შესთავაზოს წინ მიმავალი გზა.
„საქართველოს დელეგაციის წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი არის დელიკატური და გადამწყვეტი. ეს საკითხი ეხება ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო რთულ პერიოდს გადის. არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ და ამ გადაწყვეტილებების შედეგებისადმი, რასაც ეს მოუტანს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
ჩვენ ვერ უარვყოფთ ფაქტს, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთს იმედით შეჰყურებს, იმედით შეჰყურებს ევროკავშირს, ევროსაბჭოს. ეს არიან ადამიანები, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, იცავს ფუნდამენტურ უფლებებს და მათ სჯერათ იმ ღირებულებების, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მათ სურთ, მათმა ქვეყანამ გააგრძელოს გზა, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილ და ავთენტურ დემოკრატიად აქცევს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სათანადო პასუხი იქნება კარის დახურვა, ჩვენ საქართველოს უნდა შევთავაზოთ წინ მიმავალი გზა. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა პირობებით ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს ვაძლევთ შესაძლებლობას და ასევე ვაკისრებთ პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ ქვეყანაში რეფორმირებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს, რომლის მიზანია ინსტიტუტების განმტკიცება, გარანტის, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდება და ადამიანების უფლებები დაცული იქნება“, – განაცხადა ელიზაბეტა გარდინიმ.