ევროპული მომავალი არ უნდა იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღი – კახა კალაძე

19
spot_img

„ევროპული მომავალი არ უნდა იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის. დადეთ დოკუმენტი, დღესვე ვაწერთ ხელს,” – განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ღამის კურიერის” ეთერში.

კახა კალაძის თქმით, პირველ ჯერზე, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, გრანტებთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

„მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ხომ უსამართლოდ მოგვექცნენ, მოინდომეს ჩვენი დასჯა, მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინას და მოლდოვას მისცეს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებთან შედარებით ყველა პარამეტრით და პარამეტრით წინ ვიყავით, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ესეც რატომ გააკეთეს იცით? – ხალხს უთხრეს, თქვენ კარგი ხალხი ხართ, ევროპას კი იმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ესეც გამოიყენეს იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ხალხი გამოსულიყო ქუჩაში, რევოლუცია ყოფილიყო, სისხლის ღვრა, დაპირისპირება. მაშინ ეს აგენტურა, რომელიც ენჯეოების სახით გვყავს წარმოდგენილი, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ სტატუსის არ მიღებით, რამდენიმე მილიარდი გრანტი დავკარგეთ. გვეუბნებოდნენ, რომ აი მოლდოვა ახლა მიიღებს 2-მილიარდიან, 3-მილიარდიან გრანტებს, ჩვენ სტატუსი არ გვაქვს და რა გვეშველება. მივიღეთ სტატუსი და სად არის ეს 3-მილიარდიანი და 4-მილიარდიანი გრანტები, სად არის?! სტატუსი მივიღეთ, ახლა მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემა შემოიტანეს, ამაზეც ჰქონდათ მცდელობა, რომ ქვეყანაში დაპირისპირება მოეწყოთ. ევროპული მომავალი არ უნდა იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა – საქართველოს ხელისუფლება მზად არის. დადეთ დოკუმენტი, დღესვე ვაწერთ ხელს,” – განაცხადა კახა კალაძემ.