„ევროპულ საქართველოში“ შვიდი თუ რვა კაცი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა, ბოკერია სხვა პარტიაში გადავა, „ნაცმოძრაობის“ განშტოებაში თუ მესამე გზას აირჩევს, მნიშვნელობა არ აქვს -ირაკლი ქადაგიშვილი

28
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერია თუ ნებისმიერი სხვა რამდენჯერ გადაჯგუფდებიან და გადმოჯგუფდებიან, ამით ქართულ პოლიტიკაში არაფერი იცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით,  ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის დაყოფაზე ორიენტირებული.

„ოპოზიციაში ძალიან მძიმე ვითარებაა. დღეს ოპოზიციის არსებობის ფაქტორი არის დასავლეთიდან საქართველოს მიმართ გაკეთებული არაობიექტური განცხადებები. განცხადებებს რასაც ვისმენთ არის იმისთვის, რომ ოპოზიციამ რამენაირად 26 ოქტომბრისთვის სული მიიტანოს. ესეც არ შველის და ვხედავთ, რომ ოპოზიცია მიუხედავად ყველაფრისა, სავალალო მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავის ამბიციების ჯახირში რამდენჯერ დაეჯახებიან, რამდენჯერ გადაჯგუფდებიან და გადმოჯგუფდებიან, ამით ქართულ პოლიტიკაში ჯამურად არაფერი იცვლება, მათ შორის, არც ელექტორალური თვალსაზრისით. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის დაყოფა, „დათრევაზე“ ორიენტირებული.

ახლა ბოკერია გამოვა იმ თავისი პარტიიდან, სხვა პარტიაში გადავა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე განშტოებაში თუ სხვა მესამე გზას აირჩევს, ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციას რეალურად ერთი გეგმა აქვს, არჩევნებს, რომ აგებენ კარგად იციან, ამიტომ მიდის მუშობა არჩევნების შემდეგ დღეზე, 27 ოქტომბერზე. მათ მცდელობები და გარედან გაკეთებული განცხადებები სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, მიმართულია იქითკენ, რომ 26-ში რადგან წააგებენ, 27-სთვის კიდევ პატარა საწვავს ჩაგისხავ, რომ რამენაირად იქნებ რევოლუციური სცენარი ააგორო. მათი ეს მცდელობაც განწირულია. საბოლოო ჯამში, ბევრი პროვოკაცია შეიძლება, მოაწყო ქვეყანაში, პროვოკაციული განცხადება გააკეთო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, თუ ხალხის ცნობიერებაში სხვანაირად ითარგმნება, ვერასდროს ვერანაირ რევოლუციას და გადატრიალებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ თითქოს ცდილობდნენ დემოკრატიული პროცესის იმიტაცია შეექმნა.

„ისინი თითქოს ცდილობდნენ დემოკრატიული პროცესის იმიტაცია შეექმნათ, მაგრამ დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა, შიდა განხეთქილებაა. არის რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ბექგრაუნდი, გარკვეული რიტორიკა გააჩნია და ამბობენ, რომ ვართ პოლიტიკური პარტია. სინამდვილეში, ეს პოლიტიკური პარტია არ არის, ეს არის პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფი, რომელიც პარტიულ მასშტაბებს ვერასდროს ვერ აღწევს. „ევროპულ საქართველოში“ შვიდი თუ რვა კაცი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა, როგორ და რანაირად გადალაგებულ-დალაგებულიყვნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რამდენიმე ნაწილად დაყოფილი, დაქსაქსული, დაპირისპირებული, აზელილ-გადაზელილი ერთმანეთში. აქედან გამომდინარე მათი ამომრჩეველიც ხელების და თვალების ცეცებით ცდილობს, რომელიმე ამ ჯგუფზე ჩამოყალიბდეს. საბოლოო ჯამში მათ ეს ამომრჩეველიც ეკარგებათ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.