ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები, ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლა- მაკა ბოჭორიშვილი

12
spot_img

საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. კარგად ვაცნობიერებთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ.

„ძვირფასო კოლეგებო, ეუთო-ს რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი არ არის. სამწუხაროდ, საფრთხეების შემცირების ნაცვლად, რეგიონი უფრო მეტად კომპლექსური ხდება და ყოველდღიურად გვიწევს ურთულეს ვითარებასთან გამკლავება. საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა კვლავ რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნაა. უკვე ათწლეულებია, ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენს ყოველდღიურ წუხილად რჩება. ამ პირობებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ხშირად სწორად არ ხდება ობიექტურად და შესაბამისად შეფასება იმ რეალობის, რა პირობებში უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა.

საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, დიალოგი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ხელს აძლევს ჩვენს მოწინააღმდეგეს. სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მცდელობებს, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების ნება ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოჩინდეს. ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. დიახ, არ არის მარტივი ამოცანა, ამ ტურბულენტურ დროში იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ამავდროულად, უზრუნველყო სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ კომპლექსურ ვითარებაში, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერის, მათი სამართლიანი და ობიექტური შეფასებების და მოპყრობის იმედი გვაქვს. ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე, შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტს პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.