ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

6
spot_img

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროპის საბჭოს შეშფოთება გაზრდილი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალენ ბერსეტმა მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან და ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.

„ვინაიდან, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ორგანიზაციის როლი ყველა დაინტერესებულ მხარესთან აზრების გაცვლის საქმეში და გაიხსენა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულება, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით. ეს არის ქართველი ხალხის, მთლიანად ქვეყნის და მისი სტაბილურობის ინტერესებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.

„ევროპის საბჭო მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროპულ გზაზე ქვეყნის თანმხლები იქნება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.