
ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძეს კითხვა დაუსვეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების გამო და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, კანონი მილიონობით ქართველის დავალებით იქნა მიღებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის.
„თქვენ იცით, რომ ეს კანონი მილიონობით ქართველის დავალებით მივიღეთ. გახსოვთ ყველას 17 მაისი, როცა მილიონამდე ქართველი გამოვიდა და ჩვენთვის, უძველესი ქრისტიანული ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ამის გათვალისწინებას არავინ აპირებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ღირებულებებისთვის. საწყენია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. იცით, რომ ამ კანონმდებლობით არავის უფლებები არ ირღვევა, პირიქით, ვიცავთ არასრულწლოვნების უფლებებს, იმ ადამიანების უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რაზეც ვისაუბრე. ამიტომ ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ბოჟაძემ.