“ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს”-Financial Times

6
spot_img

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 5 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს“ (ავტორები – ემი მაკინონი, დემეტრი სევასტოპულო და ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს თანდათანობით შეამციროს ევროპის იმ ქვეყნების არმიების დახმარების პროგრამები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. ვაშინგტონის ასეთი განზრახვა იძულებულს ხდის კონტინენტის სახელმწიფოებს მეტი თანხები დახარჯონ საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

როგორც საქმეში ჩახედული წყაროები იტყობინებიან, გასულ კვირას პენტაგონის წარმომადგენლებმა ევროპელ დიპლომატებს განუცხადეს, რომ აშშ წრთვნისა და აღჭურვის პროგრამებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისათვის აღარ გააგრძელებს. ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც რუსეთთან ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდებიან.

საერთოდ, პენტაგონის პროგრამის ყოველწლიური ხარჯები, რომელიც „333-ე სექციის“ სახელით არის ცნობილი, წინასწარ კონგრესთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ რადგანაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო ორგანოსათვის პროგრამების სამომავლო გაგრძელების მიზნით არაფერი არ უცნობებია, ამჟამინდელის ვადა კი 2026 წლის სექტემბერში იწურება, ეს ნიშნავს, რომ პროგრამები აღარ იმოქმედებს.

2018-2020 წლებში „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის „333-ე სექციით“ ევროპის ქვეყნებმა 1,6 მილიარდი დოლარი მიიღეს, რაც იმ თანხების 29%-ს შეადგენს, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებისათვის არის გამოყოფილი. შესამცირებელი ფინანსების ზუსტი მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ საქმე ეხება ასობით მილიონ დოლარს, რასაც აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს აძლევდა, მათ შორის – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი სავსებით ჯდება დონალდ ტრამპის ძალისხმევის ჩარჩოებში, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების მიზანშეწონილება ახლებურად უნდა შეფასდეს და, შესაბამისად, თანხები გადანაწილდეს. ეს სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის იმ ბრძანებულებას, რომელიც მან ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების შესრულების პირველივე დღეს გამოსცა. „ევროპამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფას“, – თქვა თეთრი სახლის ჩინოვნიკმა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ზეწოლით, აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა ივნისში თავიანთი სამხედრო ბიუჯეტები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ით გაზარდეს.

იმ შეხვედრაში, რომელიც პენტაგონის წარმომადგენლებმა გამართეს ვაშინგტონში, მონაწილეობა მიიღეს ევროპული ქვეყნების პრაქტიკულად ყველა საელჩოს დიპლომატებმა (მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არ იღებენ დახმარებას).
ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის მდიდარმა ქვეყნებმა თვითონ გაუწიონ დახმარება შედარებით ღარიბ თანაევროპელ ქვეყნებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც უკრაინის ომის ფრონტთან ახლოს მდებარეობენ ან რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ.
კიდევ ორმა დიპლომატმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები ძალიან გაოცდნენ პენტაგონის ინფორმაციით და ცდილობენ დამატებითი ცნობები მიიღონ ვაშინგტონიდან.

ევროპელი ჩინოვნიკები ასევე ცდილობენ იმის გაგებას, თუ რამდენად შეძლებენ თავიანთი დაფინანსებით იმ „ხვრელების ამოქოლვას“, რომლებიც მათ უსაფრთხოებაში აშშ-ის დახმარების შეწყვეტის შემდეგ გაჩნდება. „თუ ამერიკელები ესოდენ სასტიკად იმოქმედებენ, მაშინ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა და დაამატა, რომ აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯით ნატო აუცილებლად დაზარალდება, რადგან „წრთვნისა და აღჭურვის“ პროგრამის დაფინანსების ნაწილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არხებითაც რეალიზდებოდა. „პენტაგონის ასეთი გადაწყვეტილება დიდ შეშფოთებას და გაურკვევლობას გამოიწვევს“, – აღნიშნა მეორე დიპლომატმა, – „ეს დონალდ ტრამპის იმ ნაბიჯს მოგვაგონებს, როცა მან რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო დახმარების მოცულობა შეამცირა [USAID-ის ჩარჩოებში]“.

სენატორმა ჯინ შაჰინმა, მთავარმა დემოკრატმა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის – სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში, პენტაგონის გადაწყვეტილებას „მცდარი ნაბიჯი“ უწოდა. მისი თქმით, „ეს არის სიგნალი კრემლისათვის. ჩვენ ვცდილობთ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ, რუსეთის აგრესია შევაჩეროთ, პარალელურად კი არასწორად ვიქცევით“.
ერთ-ერთი საქმეში ჩახედული პიროვნების თქმით, პენტაგონის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს აშშ-ის დახმარების პროგრამაზე უცხოეთის ქვეყნებისადმი, რომელიც მოიცავს ძვირადღირებული შეიარაღების შესყიდვას (ტანკები, ავიაგამანადგურებლები, საზღვაო გემები და ა.შ.).

ზოგიერთი მოსაზრებით, პენტაგონის ხელმძღვანელი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ელბრიჯ კოლბი ასეთ გადაწყვეტილებებს იმიტომ იღებს, რომ ამით აშშ-ის სამხედრო რესურსების თავმოყრას ახდენს აზია – წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა გააძლიეროს ჩინეთის შეკავება და შეამციროს ტაივანზე თავდასხმის საფრთხე.

რაც შეეხება კონკრეტულად ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების პროგრამას: ის 2020 წელს იქნა მიღებული – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის არმიების გადაიარაღების მიზნით. გასულ წელს კონგრესმა 228 მილიონი დოლარი გამოყო ამ ინიციატივის რეალიზაციის მიზნით და რადგანაც თეთრ სახლს კონგრესისთვის აღარ მიუმართავს დამატებითი თანხების გამოსაყოფად, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ პროგრამის გადახედვა დაიწყო. ამერიკელი გადამდგარი გენერლის მარკ მონტგომერის თქმით, აშშ-ის დახმარების შეჩერება ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვისათვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. სამივე სახელმწიფოს რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღები აქვთ, ბალტიის ზღვაში რუსეთი კრიზისულ სიტუაციას ქმნის, ახორციელებს კიბერშეტევებს, საბოტაჟს და სხვა აგრესიულ ქმედებებს.

რაც შეეხება პოლონეთს, დონალდ ტრამპი ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვდა და განუცხადა, რომ აშშ პოლონეთიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანას არ აპირებს. როგორც ცნობილია, ბალტიისპირა პოლონეთში ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე, 10 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ტრამპის თქმით, იგი ძალიან კმაყოფილია ამ ხელშეკრულებით: „თუ პოლონელებს გსურთ, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოგიგზავნოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: