ევროპის გეგმები: როგორ უნდა წაართვას შავი ზღვა რუსეთს – The Daily Telegraph

63
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 31 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის გეგმები: როგორ უნდა წაართვას შავი ზღვა რუსეთს“ (ავტორი – ჯო ბარნსი). პუბლიკაციაში განხილულია ევროკავშირის მიერ შემუშავებული „სამმაგი სტრატეგია“ შავ ზღვაზე რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით, რომელიც სხვადასხვა ნაბიჯებსა და მიმართულებებს ითვალისწინებს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბა-შეწყვეტის ის ტს რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის არაფერი არ გაკეთებულა რუსეთის ბატონობის შესაკავებლად შავი ზღვის აკვატორიაში. საბჭოური ბლოკისაგან რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო შავი ზღვის სამხედრო ფლოტის უდიდესი ნაწილი – იმ რეგიონული საზღვაო ძალებისა, რომელიც მოსკოვმა კიევს გაუყო და შეთანხმება დადო უკრაინასთან სტრატეგიული სამხედრო-საზღვაო ბაზის – სევასტოპოლის (ყირიმში) იჯარით სარგებლობის თაობაზე.

ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამ შესაძლებლობა მისცა რუსეთს არამარტო სრულად დაექვემდებარებინა ბაზა და ნახევარკუნძულის ტერიტორია, არამედ გაბატონებული მდგომარეობა მოეპოვებინა შავ ზღვაზეც.

შესაბამისად, ამგვარი სიტუაციის წყალობით, მოსკოვს მიეცა შესაძლებლობა გაეკონტროლებინა უკრაინის საზღვაო გზები, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულზე მისი ყოფნის მოდერნიზება-გაფართოებამ შედეგად მოიტანა ის, რომ განმტკიცდა სანაპირო დაცვა, გაიზარდა წყალქვეშა ნავების და რაკეტების „მიწა-ჰაერის“ კომპლექსების რაოდენობა, რომლებიც მიმართულნი იყვნენ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ყოფნის წინააღმდეგ.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდანვე პუტინის ფლოტმა შეძლო ხელში ჩაეგდო კუნძული „ზმეინი“ – შავ ზღვაში, უკრაინის კონტინენტური ნაწილის სამხრეთით მდებარე ტერიტორია. როგორც იმ დროს კიევის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა თქვა, კუნძულის ფლობა უზრუნველყოფდა უკრაინის სამხრეთში სახმელეთო და საზღვაო, გარკვეულწილად კი საჰაერო უსაფრთხოებასაც.

მაგრამ მოგვიანებით „ზმეინი“ ისევ უკრაინელებმა დაიკავეს, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კი, როცა კრემლის ფლოტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, რუსეთის ბატონობა შავ ზღვაზე პრაქტიკულად დასრულდა.

უკრაინამ წარმატებით გამოიყენა სამამულო წარმოების საზღვაო დრონები და დასავლური რაკეტები – ისეთები, როგორებიცაა Storm Shadow-ენი და Atacms-ენი, რის შედეგადაც მოსკოვი იძულებული გახდა თავისი გემები სევასტოპოლიდან გაეყვანა და ისინი რუსეთის კავკასიის ნაპირზე მდებარე ნავსადგურებში შეეფარებინა.

დღეს, როცა შავი ზღვის აკვატორიას ისევ დაემუქრა რუსული ბატონობის საფრთხე, ევროკავშირმა შეიმუშავა თავისი პირველი „შავი ზღვის სტრატეგია“ იმ იმედით, რომ წინააღმდეგობას გაუწევს რეგიონში რუსეთის სამხედრო გემების ნებისმიერ ახალ გამოჩენას.

შავი ზღვის მონაპირე ექვსი ქვეყნიდან ორი – ბულგარეთი და რუმინეთი – ევროკავშირის წევრებს წარმოადგენენ. უკრაინა ბრიუსელის მოკავშირეა და ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი. იგივე სტატუსი აქვს საქართველოსაც, თუმცა ბოლო წლებში თბილისმა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან თითქმის გადაუხვია. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ფორმალურად კვლავ ევროკავშირში მიღების კანდიდატად ითვლება. რაც შეეხება რუსეთს, ეს ქვეყანა დღესაც, ისევე როგორც მრავალი თაობის განმავლობაში, ევროკავშირის დაუძინებელ მტრად ითვლება.

ამას წინათ კაია კალასმა, მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, ევროკავშირისათვის შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ისაუბრა ბრიუსელის გეგმებზე, თუ როგორ პოზიციონირებას აპირებს  რეგიონში ევროკავშირი – როგორც გეოპოლიტიკური ძალა და დაინტერესებული სუბიექტი.

როგორც ჩანს, ბრიუსელი, „შავი ზღვის სტრატეგიის“ პროექტით, სამმაგ მიზნობრივ მიდგომას ცდილობს: პირველი მიზან-დაპირება არის შავი ზღვის სავაჭრო მარშრუტებზე და უკრაინის ნავსადგურების ინფრასტრუქტურაზე რუსეთის „ნულოვანი“ გავლენის შენარჩუნება, მეორე – მათი მომზადება სამომავლო თავდაცვისათვის (რუსეთის სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში) და მესამე, ყველაზე ნათელი მიზან-დაპირება – ინვესტიციები ნავსადგურების, რკინიგზებისა და აეროპორტების განვითარებისათვის, რათა საომარი მოქმედებების გამწვავების შემთხვევაში დაჩქარდეს და გაიოლდეს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება.

„შავი ზღვის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზება უზრუნველყოფს ჯარების ყოფნას იქ, სადაც აუცილებელია და როცა აუცილებელია. განხორციელდება სამხედრო პროდუქციის უფრო სწრაფი მიწოდება რეგიონში, რომელიც საჭიროა რუსეთის შესაკავებლად და ნატოს რგავლენის განსამტკიცებლად“, – განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

[შავი ზღვის ნატოს წევრი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების] უკვე დანგრევის პირას მისული ინფრასტრუქტურა დიდი ხანია დასავლეთისათვის ერთ-ერთ სერიოზულ დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს – სწრაფად გადაისროლოს სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

მოსკოვის თავდასხმის შესაკავებელი ხუთი საკვანძო ლოჯისტიკური მარშრუტიდან ორი ბულგარეთზე გადის და რუმინეთში ბოლოვდება. ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს იმ სამოქალაქო სატრანსპორტო კომუნიკაციების მდგომარეობაზე, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება სამხედროებმაც გამოიყენონ.

წინასწარი შეფასებით, ევროპის კონტინენტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ისეთ მოდერნიზებას, რომ გზები სამხედრო მიზნებითაც იქნას გამოყენებული, სულ მცირე 75 მილიარდი ევრო დაჭირდება. რუმინეთში და ბულგარეთში ჩადებული ინვესტიციები მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რათა ნავსადგურები, სარკინიგზო ხაზები და აეროპორტები საეჭვო უცხოურ საკუთრებაში არ გადავიდეს (ცნობილია, რომ ჩინეთი საქართველოში საზღვაო ნავსადგურების ინფრასტრუქტურის შესყიდვას ცდილობს).

ბრიუსელს განზრახული აქვს გახსნას მონიტორინგის ცენტრი სახელწოდებით Black Sea Maritime Security Hub, რათა ბლოკის წევრები უკეთ ფლობდნენ ინფორმაციას რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ.

ევროკავშირის სტრატეგია მიმართულია ინფორმაციის მისაღებად რეალური დროის რეჟიმში – „კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე“ – რუსეთის სამოქალაქო (სავაჭრო) და სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ.

თეორიულად ასეთ სტრატეგიას შეუძლია რუსეთის პოტენციური დივერსიების ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა, ვთქვათ, ელექტროკაბელების წყალქვეშა უბნებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და ევროპას აკავშირებს, ან რუმინეთისა და ბულგარეთის კუთვნილ ნავთობისა და გაზის მოპოვების საზღვაო კოშკურებს შორის გაყვანილ წყალქვეშა კომუნიკაციებზე.

სავაჭრო მარშრუტების მონიტორინგი აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აცვენა, თუ რაოდენ იოლად შეუძლია უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეწყვეტა შავი ზღვის გავლით. საბოლოო ჯამში, კიევმა მოახერხა ისეთი დაცული დერეფნით სარგებლობა, რომელიც რუმინეთისა და ბულგარეთის [ტერიტორიულ წყლებსაც] მოიცავს, თუმცა უკრაინის შემოსავლების ძირითად წყაროს საფრთხე მაინც ემუქრება.

მონიტორინგის ცენტრის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია იქნება როგორც რუსეთის „ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტის“ გემების (ნავთობის ტანკერების, რომლებიც სანქციებს არღვევენ) გადაადგილებაზე დაკვირვება, ასევე ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების (მათ შორის უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ) პირობების შესრულებაზე კონტროლი.

„მონიტორინგის ცენტრის მოცულობა, ფორმა და ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის სხვა პროექტები, რომლებიც შავ ზღვას ეხება, შეიძლება გაფართოვდეს და მათ დაემატოს განნაღმვის სამუშაოები, ანუ იმ ნაღმების გაუვნებელყოფა, რომლებიც თავის დროზე ზღვაში უკრაინამ და რუსეთმა ჩაალაგეს.

და ბოლოს, ევროკავშირის სტრატეგია ითვალისწინებს პარტნიორული ურთიერთობის გააქტიურებას მთლიანად რეგიონში, რომელიც პროექტში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო არტერიად“ არის შეფასებული – ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის. „ჩვენ გვსურს ახალი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დერეფნების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი კავშირების გაფართოებას სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან“, – განაცხადა მარტა კოსმა, ევროკავშირის კომისარმა ბლოკის გაფართოების საკითხებში.

თურქეთთან პარტნიორობა, პროექტის თანახმად, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია და ოფიციალურად ითვლება ევროკავშირში მიღების კანდიდატ ქვეყანად, თავისი მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს შავ ზღვაზე, რუსეთთან ვაჭრობის ჩათვლით.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ანკარა უშუალოდ აკონტროლებს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ერთმანეთთან დამაკავშირებელ არტერიას – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რომელთა მეშვეობით რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ვაჭრობის  უზრუნველყოფა ხდება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შავი ზღვის აკვატორიაში ევროპული სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფი გადასროლა და იქ მათი სტაბილური ყოფნა პრაქტიკულად არ მოხდება.

მონტრეს კონვენციის მიხედვით, თურქეთს აქვს უფლება ფაქტიურად ჩაკეტოს შავი ზღვა უცხოური სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავებისათვის ომის დროს. იქ ყოფნის ნება აქვთ მხოლოდ იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებს ეკუთვნით.

როგორც კაია კალასმა განაცხადა, ახალი სტრატეგია ასევე გულისხმობს მიწვევას უფრო ფართო თანამშრომლობისათვის ყველა იმ საკითხებში, რომელთა მიმართ შავი ზღვის ქვეყნებს, თურქეთის ჩათვლით, ინტერესები აქვთ. „განზრახული გვაქვს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ერთმანეთს გავუცვალოთ ინფორმაციები იმაზე, თუ რა ხდება შავი ზღვის აკვატორიაში. რა თქმა უნდა, ძალიან ვართ დაინტერესებული თურქეთის ჩართვით“, – ხაზი გაუსვა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

ამასთან, თუ რეგიონში თურქეთის ინტერესებსა და გავლენას გავითვალისწინებთ, ანკარა, ალბათ წინააღმდეგობას გაუწევს ევროპის ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან მცდელობას შავ ზღვაზე ბრიუსელის გავლენის განმტკიცების მიზნით. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა პირდაპირ გამოიწვიოს რუსეთი და, როგორც ჩანს, ის იმით დაკმაყოფილდება, რომ რეგიონში გავლენის დაბალანსება მოხდეს.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

————–