საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ – ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
ევროპელი პარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ ჟურნალისტის მდგომარეობის გამო და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა.
ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპელი პოლიტიკოსების თქმით, „არ ტყუვდებიან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რამაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ“.
პოლიტიკოსები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
„ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა. ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე“, – აცხადებენ პარლამენტარები.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი; ევროპარლამენტარი რიჰადს კოლსი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი; უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი; ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი; ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი; ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო; უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო; უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო; ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიხელსონი; ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი; შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი; ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი; ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი; ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი; ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი; ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. განცხადებას უერთდება ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც.