
გერმანიის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალისტები ევროპაში მოქმედი ბანდის საქმიანობას იძიებენ, რომელიც ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
საქსონიის კრიმინალური პოლიციისა და დრეზდენის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 170-ზე მეტი ეჭვმიტანილი ტელეფონით თავს ასაღებდა ბანკის თანამშრომლად ან პოლიციელად. ისინი ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ატყუებდნენ.
პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა 39 ეჭვმიტანილის კუთვნილ 35 საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, მონაცემთა მატარებლები და დოკუმენტები.
პროკურატურა იძიებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კომერციული მიზნებით ჩადენილი თაღლითობის საქმეს.
ზარალის საერთო ოდენობა, შეფასებით, არანაკლებ რვა მილიონი ევროა.