2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სააგენტო გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა; მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე შეაჩერა; მესამე ფაქტორად კი ჩრდილოეთ ევროპაში ცივი ამინდი სახელდება, რამაც გაზის მოხმარება რეგიონში გაზარდა.
„ამ კვირაში ნორვეგიული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებამ, შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სწრაფი გადინება საცავებიდან. რეზერვები მთელ კონტინენტზე 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით ეცემა“, – წერს „ბლუმბერგი“.