დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო.
რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა.
რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ის ევროკავშირს არ წარმოადგენდა და მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.
ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს შეიცავს.