ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუციის მისაღებად ემზადება 

2
spot_img

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას ხვალ მიიღებენ, თუმცა, ჯერ დოკუმენტის საბოლოო ვერსია შემუშავებული არ არის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ჩალის ფასი აქვს ყველა რეზოლუციას, რომელიც არ ასახავს რეალობას და მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგზეა მორგებული. ირაკლი კობახიძემ დღეს ევროპარლამენტის წინა 5 რეზოლუციაც გაიხსენა და თქვა, რომ ისინი ხელისუფლების ოპონენტების მხარდამჭერია და აქედან გამომდინარე, არასერიოზული იყო.

საკუთარი ხედვა აქვს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. ქართულ ოპოზიციასთან დაახლოებული პოლიტიკოსები, თავიანთ ვერსიებში საქართველოს ხელისუფლებისა და გარკვეული ბიზნესმენების სანქცირებას, ასევე ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. სააკაშვილის განთავისუფლებას ისევ ითხოვს ევროპის სახალხო პარტია. საპირისპირო მოწოდებებით გამოდის ევროპის სუვერენულ სახელმწიფოთა ჯგუფი. მათ სარეზოლუციო წარდგინებაში წერია, რომ გმობენ საპარლამენტო არჩევნების არაღიარების ინიციატივას და ევროკავშირს საქართველოს არჩეულ მთავრობასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

სტრასბურგში იმყოფებიან ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე, რომლებმაც მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად, თითქმის ცარიელ დარბაზში ბრიფინგიც გამართეს.

ოპოზიციის ოპტიმიზმი ხელისუფლებაში არ უკვირთ, თუმცა მთავრობის წევრები ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ეს რეზოლუციაც ევროპარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი ის დოკუმენტი იქნება, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად მხოლოდ ოპოზიცია იყენებს.

ევროპარლამენტში რეზოლუციის საბოლოო ვერსიის განხილვამდე, საქართველოს შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა და ევროპელ ლიდერებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სახელისუფლებო პარტიის წევრები ურჩევენ, თავის ქვეყანაზე იზრუნოს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ სანქციებით მუქარა ხელისუფლებას საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უარს ვერ ათქმევინებს.