ევროპარლამენტარების ჯგუფი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს

6
spot_img

30 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოს ფინანსური დახმარება, საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში, რომლის ადრესატიც გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეია.

წერილს სოციალურ ქსელ იქსში ლატვიელი ევროდეპუტატი რიჰარდს კოლსი ავრცელებს.

„გთხოვთ, ნათლად განაცხადოთ, რომ დემოკრატიულ პროცესში ნებისმიერი ჩარევა ან მისი ხელყოფა გამოიწვევს დაუყოვნებლივ და მკაცრ შედეგებს. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ საქართველოს ეროვნული საზრუნავი; ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირის ურთიერთობაში მის აღმოსავლეთ პარტნიორებთან, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონკურენციას ევროკავშირსა და რუსეთს შორის რეგიონში გავლენისთვის“, – ნათქვამია წერილში.

ევროდეპუტატების თქმით, „საქართველო უნიკალურ პოზიციას იკავებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და მისი პროდასავლური მისწრაფებები – რაც აისახება ქართველების 80%-ის მხარდაჭერაში ევროკავშირის წევრობის მიმართ – საფრთხის ქვეშ დგას „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლოდროინდელი ავტორიტარული ზომების გამო“.

„განსაკუთრებით საგანგაშოა „უცხოური გავლენის“ კანონის გაცოცხლება, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონმდებლობა, საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, გასულ წელს უკან გაიწვიეს, ის კვლავ გამოჩნდა განახლებული ფორმით. მისი მიღების დრო – ოქტომბრის არჩევნების წინ, იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და როლის შემცირებას“, – ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორთა თქმით, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს კანონი გამიზნულია გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, ფინანსთა სამინისტრო უკვე ზედამხედველობს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობას. ევროდეპუტატების შეფასებით, ამრიგად, როგორც ჩანს, ეს კანონი არის საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.

„ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის მიერ გამოყენებულ მეთოდებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს. ამ საგანგაშო სიტუაციაზე რეაგირებისთვის ჩვენ გთავაზობთ, პირველ რიგში, არჩევნებზე დაკვირვების გაძლიერებულ მისიას“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორთა თქმით, საქართველოში უნდა გაიგზავნოს ევროპარლამენტის უფრო ძლიერი მისია, გაფართოებული დაფარვით მთავარი ურბანული ცენტრების მიღმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სოფლის რაიონების მჭიდრო მონიტორინგი, სადაც, მათი თქმით, უფრო სავარაუდოა საარჩევნო დარღვევები.

„დამკვირვებლები საქართველოში უნდა იყვნენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდებშიც, რადგან მანიპულაცია ხშირად ხდება კამპანიის დროს ან შედეგების გამოცხადების შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ქმედებებს, რომლებისთვისაც ევროკავშირი მზად უნდა იყოს, თუ საქართველოს დემოკრატიულობა შეილახება ამ არჩევნების დროს:

1. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: საარჩევნო თაღლითობის, ოპოზიციის ჩახშობის ან საარჩევნო პროცესში ჩარევის სარწმუნო მტკიცებულებები თუ გამოვლინდება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, შეაჩეროს თავისი ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს გრანტებისა და სესხების შეჩერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და სავაჭრო შეთანხმებების, როგორიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ (DCFTA), გადახედვას. ამასთან სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დახმარება უნდა დარჩეს უცვლელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მუდმივი მხარდაჭერა;

2. სანქციები ძირითად პირებზე: ევროკავშირმა უნდა დააწესოს მიზნობრივი სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალი დონის ოფიციალურ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი დემოკრატიული პროცესის ხელყოფაზე. ეს ნათელი გზავნილი იქნება, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას. სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, ვიზების აკრძალვას და მგზავრობის შეზღუდვებს;

3. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის ფორმალური გადახედვა: არჩევნები თუ ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზის ფორმალური გადახედვა. ამ გადახედვის პროცესში უნდა შეფასდეს, შეესაბამება თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები კანდიდატი ქვეყნებისთვის საჭირო დემოკრატიულ პრინციპებს. ეს მიანიშნებს, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახვევამ, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს;

4. საჯარო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა აქტიურად უნდა გამოხატოს შეშფოთება არა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან, არამედ ქართველ ხალხთანაც. საჯარო განცხადებები და მაღალი დონის დიპლომატიური ვიზიტები ხაზს უნდა უსვამდეს, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით მათ მისწრაფებებში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ. ეს წინ აღუდგება მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, წარმოაჩინოს ევროკავშირის კრიტიკა, როგორც თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე“, – ნათქვამია წერილში.

ევროდეპუტატების განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების კრიტიკულ გამოცდას.

„ამ არჩევნების ხელყოფის დაშვება დაამკვიდრებს საშიშ პრეცედენტს როგორც საქართველოს მომავლისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისთვის. საქართველოს რუსეთთან უფრო მჭიდროდ დაახლოების შედეგები, იმ დროს, როცა ავტორიტარიზმი მსოფლიო მასშტაბით მზარდია, არ შეიძლება, არასწორად შეფასდეს. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად საქართველოში.
ჩვენ გვჯერა თქვენი ლიდერობის და იმედი გვაქვს, ევროკავშირი ნათლად განაცხადებს, რომ დემოკრატიულ პროცესში ნებისმიერი ჩარევა არ დარჩება უპასუხოდ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს არჩევნების დაცვა, არამედ ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების დაცვაც: დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის“, – ნათქვამია წერილში.

მიმართვას ხელს აწერენ: რიჰარდს კოლსი (ლატვია), ადრიან ვასკეს ლაზარა (ესპანეთი), ალექსანდრ ვონდრა (ჩეხეთი), ანა ზალევსკა (პოლონეთი), აურელიუს ვერიგა (ლიეტუვა), დაინიუს ჟალიმასი (ლიეტუვა), დიეგო სოლიერი (ესპანეთი), ჰენრიკ დალი (დანია), ივარს ლიაბსი (ლატვია), იააკ მადისონი (ესტონეთი), იაროსლავ ბჟოჰი (ჩეხეთი), იონას სიოსტედტი (შვედეთი), კშიშტოფ ბრეიზა (პოლონეთი), მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი (გერმანია), მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი), მარტინშ სტაკისი (ლატვია), მატეი ტონინი (სლოვენია), მერია კილონენი (ფინეთი), მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი), ნორა ჰუნკო გარსია (ესპანეთი), ონრეი კრუტილეკი (ჩეხეთი), პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა), რასა იუკნევიჩიანე (ლიეტუვა), რეინის პოზნაკსი (ლატვია), რიჰო ტერასი (ესტონეთი), რობერტს ზილე (ლატვია), სებასტიან ტინკინენი (ფინეთი), სტეფენ ნიკოლა ბარტულიცა (ხორვატია), ტობიაშ ბოჰენსკი (პოლონეთი) და ვირგინიუს სინკევიჩუსი (ლიეტუვა).