„ევროპა მზად არ არის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისათვის” – რას წერს გერმანული პრესა

37
spot_img

გერმანულ გაზეთ „დი ცაიტში“ (Die Zeit) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა მზად არ არის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისათვის, რომელსაც ევროპულ ეკონომიკაში კრიზისის გამოწვევა შეუძლია“ (ავტორები – სებასტიან კვანტი და სანდერ ტორდუარი).

ევროკავშირს ამჟამად ბევრი პრობლემა აქვს – ავიღოთ თუნდაც მიგრაცია, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა… ჰორიზონტზე ახალი მუქარა მოჩანს. დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროპას მნიშვნელოვან  პრობლემას უმზადებს. ევროპამ ახლავე ამოქმედდეს ამერიკიდან მომდინარე მუქარა-საფრთხების გასაუვნებლად, მაგრამ ერთიანი მტკიცე ხელმძღვანელობის არარსებობა ხელს უშლის გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას და ზრდის მოწყვლადობის ფაქტორს.

გამოკითხვების შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვნად უსწრებს ჯო ბაიდენს, რაც ევროკავშირის ეკონომიკისთვის უბედურების მაუწყებელ ნიშანს წარმოადგენს.  საქმე იმაშია, რომ ბოლო ათწლეულებში ევროპის ლოკომოტივის – გერმანიის ეკონომიკის ზრდა ეყრდნობოდა ჩინეთისა და რუსეთის ბაზრის მოთხოვნებს და რუსულ იაფ ენერგოშემცველებს, მაგრამ ახლა თვითონ ჩინეთი ექსპორტირებს ევროპაში და სხვა ქვეყნებში ელექტრომობილებს, მას არარ ჭირდება გერმანული ავტომობილები… ბერლინს იაფი რუსული გაზიც აღარ აქვს და ამ დროს კიდევ დამატებით დონალდ ტრამპის პრობლემა, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკავშირის (ანუ გერმანიის ეკონომიკას) სანქციებით და ემბარგოთი ემუქრება…

ესე იგი, გერმანიამ, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, ისეთი თავდაცვითი“ მეთოდები უნდა შეიმუშაოს, ისეთი ინსტრუმენტები უნდა შექმნას, რომ კარგად მოემზადოს ახალი რთული ეპოქისათვის.

დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულმა მწვავე კრიტიკამ ევროპული ეკონომიკის მიმართ (რატომ აქვს ევროპას დადებითი სალდო ამერიკასთან ვაჭრობაში?) შეიძლება სავაჭრო შეზღუდვები გამოიწვიოს ვაშინგტონის მხრიდან. შესაბამისად, ევროპულ პროდუქციაზე მოთხოვნა დაეცემა. გარდა ამისა, როგორც დონალდ ტრამპის განცხადებებიდან ჩანს, მას განზრახული აქვს აშშ-ის სამხედრო ვალდებულების შემცირება და საერთოდ, გაუქმებაც კი ევროპის მიმართ.

ამასთან დაკავშირებით, ჩნდება ბევრი კითხვა, მათ შორის მტავარი – შეინარჩუნებს თუ არა აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია (მთავრობა) თავის მონაწილეობას საერთაშორისო ალიანსებში და ვალდებულებებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების თანახმად? ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში უეჭველია, რომ მსოფლიო წესრიგი განპირობებული და განსაზღვრული იქნება სამი მსხვილი სუბიექტის – ამერიკის, ევროკავშირისა და ჩინეთის მოქმედებით.

მაგრამ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავარაუდო უთანხმოება ტაივანის გამო ან ასევე სავარაუდო და მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციები ევროკავშირის მიმართ ითხოვს იმას, რომ ბრიუსელს მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რათა პერსპექტიულ პრობლემებს შედარებით იოლად გაუმკლავდეს. კონკრეტულად გერმანიამ კი უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს ამერიკასთან და ჩინეთთან.

საფრთხის ფასი ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანი რისკი იმალება ჩინეთში გერმანულ ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში. კიდევ ერთი საფრთხე იმით გამოიხატება, რომ კრიტიკულად აუცილებელი ევროპული ტექნოლოგიები, კომპანიები და სხვა ინფრასტრუქტურა შეიძლება უცხოუური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმ საკითხს, რომ ევროპა საკვანძო მასალების იმპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მათ შორის „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლის პერიოდში

ახლა, როცა დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, არსებობს იმის შეგრძნება, რომ ევროპა შეიძლება გეოეკონომიკურ კრიზისში მოექცეს. აუცილებელია სწრაფი ადექვატური მოქმედება, მაგრამ ამ ნაბიჯის განხორციელებისათვის ხელის შემშლელია ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ერთ ხელში არაა კონცენტრირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში ყოველი გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის დაცვით ხდება, ბრიუსელის ნაბიჯები დაყოვნებული და არათანმიმდევრულია. შედეგი: ევროკავშირი ჩინეთისა და აშშ-ის მხრიდან ზეწოლისათვის ძალიან მოწყვლადი ხდება.

წყარო