ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი მოამზადა – Reuters

7
spot_img

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მოწინავე ტექნოლოგიებზე საექსპორტო კონტროლს აძლიერებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროკავშირი ასევე 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების შემოღების წინადადებით გამოდის, რომელთა შორის 5 ჩინეთშია, და ასევე 31 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედროებს ეხმარებიან და ჩართულნი არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტთან” ბრძოლის ფარგლებში, ევროკომისია მოსკოვთან დაკავშირებული 100-ზე მეტი გემის შავ სიაში შეყვანის წინადადებითაც გამოდის.

ამავდროულად, ევროკომისია 2026 წლის ივნისამდე რუსეთის “სახალინ-2” ნავთობ-გაზის პროექტის სანქციებიდან გამორიცხვის წინადადებით გამოდის, პროექტის იაპონიისთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე.