ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური ქსელის, „იქსის“ შესახებ წინასწარი გამოძიება დაასრულა და მას, შესაძლოა, მრავალმილიონიანი ჯარიმა დააკისროს.
ამის შესახებ გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი იუწყება.
ევროკომისიის ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში, 2023 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ინტერნეტკომპანიებს მკაცრ რეგულაციებს უწესებს.
აქტის ფარგლებში, „იქსს“ ედავებიან სარეკლამო გამჭვირვალობის წესების დარღვევას, გამომძიებლებისთვის საკმარის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ე.წ. ლურჯი ნიშნის მინიჭებით.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „იქსს“, შესაძლოა, ასეულობით მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.
ციფრული სერვისების აქტის წესების მიხედვით, „იქსი“, როგორც ძალიან დიდი პლატფორმა, განსაკუთრებულ ვალდებულებებს იღებს, რომ მიიღებს ზომებს სიძულვილისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ასევე, შეზღუდავს ახალგაზრდებში დამოკიდებულების რისკს.
მანამდე ილონ მასკმა ევროკავშირს ცენზურის ორგანო უწოდა და ევროკავშირის მხრიდან რეგულირებას აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდა. ილონ მასკს ასევე მხარი დაუჭირა კომპანია „მეტას“ ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმაც, რომელმაც დონალდ ტრამპს სთხოვა, არ დაუშვას ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ევროკავშირის მიერ.