ევროკავშირთან უკრაინის ვაჭრობის პერსპექტივა საფრთხის წინაშეა – Politico

4
spot_img

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირთან უკრაინის ვაჭრობის პერსპექტივა საფრთხის წინაშეა: დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულება კი კიევის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს“ (ავტორი – ბარტოშ ბჟეზინსკი). პუბლიკაციაში განხილულია ის პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის და უკრაინის ვაჭრობაში სულ მალე გაჩნდება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ომის მეოთხე წლის დასაწყისში უკრაინის ეკონომიკას ევროსაფრთხე ელოდება: კიევი რისკის წინაშე დგას – შესაძლოა ქვეყანამ ევროკავშირის ბაზარზე პრივილეგირებული დაშვების უფლბა დაკარგოს. კიევი დიდი ძალისხმევით ცდილობს გაიგრძელოს შეღავათიანი უბაჟო რეჟიმი, რომელიც მის ეკონომიკას ომის დროს დაეხმარა და „ჩაძირვა“ თავიდან აიცილა.

უკრაინა სამ „ცეცხლშუა“

მაგრამ სანამ კიევი საკითხის გარკვევას ცდილობს, ევროპელი ლიდერები პასუხის გაცემას აჭიანურებენ: ისინი, შეიძლება ითქვას, „სამ ცეცხლშუა“  არიან – ერთი მხრივ, უვადო სოლიდარობის პირობას, მეორე მხრივ – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლას  და მესამე მხრივ – საკუთარი ფერმერების უკმაყოფილებას შორის.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ კიევს მრავალი პრობლემა შეუქმნა. პირველი თვის პრეზიდენტობის დროს რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა უკრაინას მიანიშნა, რომ ამერიკიდან ძველებური გულუხვი დახმარება გარანტირებული არ იქნება. დონალდ ტრამპმა ყურადღება არ მიაქცია ურსულა ფონ დერ ლაიენის პროუკრაინულ სატელეფონო ზარებს და კიევის გასაგონად „ღია ტექსტით“ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობებისთვის უნდა მომზადებულიყო. ამერიკელი ლიდერის ბოლო ბრალდებები – ცილისმწამებლური იარლიყის მიწებება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის „დიქტატორობის“ თაობაზე და მისი დადნაშაულება ომის გაჩაღებაში – კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ის შიშები, რომ  ვაშინგტონი უკრაინას დახმარების გარეშე დატოვებს.

„თუ ვაშინგტონი თავს მოგვახვევს შეთანხმებას მოსკოვური პირობებით, მაშინ ჩვენ ევროპის მხარდაჭერა ისე დაგვჭირდება როგორც არასდროს“, – აღიარა „პოლიტიკო“-სთან საუბარში ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, რომელმაც სახელი არ გაამხილა და ანონიმად დარჩენა მოისურვა, საკითხის დელიკატურობის გამო.

ევროპელი ფერმერები… უკრაინის წინააღმდეგ?

2022 წლის თებერვლის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინისათვის ბაჟები გააუქმა (ე.წ. „ავტონომიური სავაჭრო ზომების“ პაკეტის მიღებით) და ქვეყნის ეკონომიკას ამით მაშველი რგოლი გადაუგდო. მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რაც დროს გადიოდა, სოლიდარობის დემონსტრაცია დაძაბულობის კერად გადაიქცა: პოლონეთისა და საფრანგეთის მტავრობებს თავიანთი ფერმერები აუჯანყდნენ, რომლებიც კონკურენციას ვერ უწევდნენ უკრაინიდან უბაჟოდ იმპორტირებულ ხორბალს, მზესუმზირას, შაქარს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ბუნებრივია, პარიზი და ვარშავა იძულებულნი გახდნენ მოეთხოვათ პროტექციონისტული ზომების მიღება შვიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, მათ შორის ხორბალზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, კვერცხზე, ფრინველზე და ა.შ.

ახლა, როცა შეღავათებს სამი თვის შემდეგ ვადა ეწურებათ, ევროპის ლიდერები უკრაინას პირდებიან, რომ კვლავ გაუგრძელებენ შეღავათებს, მაგრამ ფერმერები აცხადებენ, რომ მთავრობებს დამცავი ზომები არ მიუღიათ. უკრაინული შაქარი იმდენად იაფია, რომ ადგილობრივ კომპანიებს მათი იმპორტი ურჩევნიათ, ვიდრე „მშობლიური მიწაზე“ თავიანთი ფერმერების მიერ მოწეული პროდუქცია.

„ცეცხლზე ნავთს ასხამს“ ის გარემოება, რომ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სექტორმა უფროს სწრაფად დაიწყო აღორძინება, ვიდრე მოსალოდნელი იყო: მიუხედავად იმისა, რომ სახნავ-სათესი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებს აქვთ დაკავებული და რომ უკრაინის ტერიტორია მსოფლიოში ყველაზე ძალიან არის დანაღმული, უკრაინელმა ფერმერებმა შეძლეს და საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი  აღადგინეს, დაიბრუნეს შავი ზღვის საექსპორტო მარშრუტები და სამხედრო პერიოდის სიძნელეებს შეეგუენ, ომთან ადაპტაცია მოახდინეს, გაზარდეს ექსპორტი და იმპორტი მრავალფეროვანი გახადეს.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკრაინის სოფლის მეურნეობის აღორძინებამ შიში გამოიწვია იმის გამო, რომ თუ უკრაინული პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტი გაგრძელდება, ადგილობრივ ფერმერებს კრახი ემუქრებათ და როგორც შედეგი – ხელისუფლება მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების წინაშე დადგებიან.

უკრაინელი ჩინოვნიკები საბაზრო კონკურენციის დარღვევის ბრალდებებს უარყოფენ. მათი მტკიცებით, უკრაინული პროდუქცია ევროპულს არანაირად არ ემუქრება, პირიქით, ვაჭრობას უფრო მრავალფეროვანს ხდის. და თუ რაიმე ცუდი ხდება და ვაჭრობაში დაძაბულება ჩნდება, ამაში დამნაშავეა „პოლიტიკური ეშმაკობები და არა საბაზრო გადახრები.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ომის დროსაც კი შეგვიძლია პროდუქცია ვაწარმოოთ და მისი ექსპორტი წარმატებით მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ ევროპელებმა ნერვიულობა დაიწყეს: მათ ეშინიათ, უკრაინული პროდუქცია მათ ბაზარზე გაბატონდება“, – ამბობს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო ლობისტი.

უკრაინა: მარტოდმარტო რთული პრობლემებით?

ჯერ-ჯერობით ევროკავშირს ნამდვილი ბრძოლა წინ ელოდება – აუცილებელია ოქროს შუალედის მოძებნა უკრაინის დახმარებასა და ადგილობრივ ფერემერების ინტერესებს შორის. აშკარად არის გამოკვეთილი დილემა და მასში მთავარი როლი პოლონეთს ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნაციონალისტურ პარტიაზე – „კანონზე და სამართლიანობაზე“ გაიმარჯვა, მისი პროუკრაინული პოზიცია გაფერმკრთალდა: პოლონელი ფერმერები მთავრობას არჩევნებში ხმის არმიცემით ემუქრებიან. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იძულებული ხდება თანამოქალაქეების ინტერესები დაიცვას.

ევროკავშირის თანამდებობის პირებისათვის ვაჭრობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციის გამოც. თუ უკრაინას არც ამერიკული დახმარება აღარ ექნება და არც პრივილეგირებული სტატუსი ევროკავშირის ბაზარზე, მაშინ კიევი სახიფათო იზოლაციის რისკის წინაშე დგება – მისი ეკონომიკა ხომ ძალიან არის დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე.

„ევროკავშირმა უნდა გამოიღვიძოს“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკი, – თუ ჩვენ ამერიკა აღარ დაგვეხმარება, ევროპა კი თავისი ფერმერების პრეტენზიებს დაეთანხმება, ჩვენ მარტოდმარტონი ვრჩებით… რუსეთი კი დამცინავ მზერას არ მოგვაკლებს“.

წყარო