ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ, უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს -რასა იუკნევიჩიენე

6
spot_img

ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ცხადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და არ შეიძლება მისი აღიარება – “ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია“.

“კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო გამონაკლისი არაა. აქ, ევროკავშირში, ჩვენ, ცხადები უნდა ვიყოთ – საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიმარჯვა.

უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკვე გაყინულია. ხელახლა უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო სტატუსს. აღარ შეგვიძლია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ორმხრივი დახმარების გამართლება.

ამ ყველაფერს მწუხარებით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი პრო-ევროპულ გზას უჭერენ მხარს, ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ. ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს ორივესთან – საქართველოს საზოგადოებასთან და “ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა.

ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ცხადი რომ ვიყო – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.