“ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს” – გია ვოლსკი

78
spot_img

ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს – არ შეიძლება უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარი თავისთვის ზიანს მოიტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ განიხილოს რაიმე ზომების მიღება.

ვოლსკი აცხადებს, რომ დასაშვებია მოსაზრება, რომ რუსეთმა ვიზების გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებით მიიღო, რომელიც „დასავლეთთან ჭიდილში“ გამოიხატება, თუმცა, სანქციის დაწესება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, თვითდაზიანება იქნება.

„საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით ჭკუა მომეკითხება, ბოლოს და ბოლოს პირველი საელჩო მაქვს გახსნილი ვაშინგტონში. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის ინტერესებით არ მოქმედებს. რუსეთის მიერ ამ პოზიტივის დემონსტრირება მნიშვნელოვანწილად შესაძლოა და უნდა დაუშვათ თავიდანვე, რომ მის ინტერესებს ემსახურება და მისი ინტერესი, ჭიდილი ევროკავშირთან, დასავლურ სტრუქტურებთან არის მუდმივი, სულ იქნება. აქედან გამომდინარე საწყენი არავისთვის არის ის კამათი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის. ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნება თუკი ჩვენ სარკისებურად გადმოვიტანთ წინადადებებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს – დავუწესოთ სანქცია. სანქციის დაწესება მას მერე, რაც რუსეთმა სანქცია მოგვიხსნა, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც საზოგადოება არ გაპატიებს და სწორადაც მოიქცევა. ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც, რადგან ევროკავშირს შესაძლოა ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს, გარკვეული მოსაზრებებია, ამასთან დაკავშირებით ეს მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით ჩვენს თანამემამულეებს მისცა შესაძლებლობა იმოძრაონ გაცილებით ნაკლები ხარჯით და ადამიანური უფლებების რეალიზება მოახდინონ, ეს იქნება უმართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ?!“ – განაცხადა ვოლსკიმ.