ევროკავშირმა საქართველოს საკითხში დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა -პიტერ სიიარტო 

107
spot_img

საქართველოს საკითხში ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს საკითხში ევროკავშირმა დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნათელია, რაზეა აქ საუბარი, ვინაიდან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს იმ ლიბერალურმა ძალებმა, რომლებსაც ბრიუსელი სასურველად მიიჩნევს, არამედ კონსერვატიულმა, მშვიდობის მომხრე, პატრიოტულმა პარტიამ, მათ საქართველოზე პოლიტიკური შეტევა წამოიწყეს“, – განაცხადა სიარტომ.

უნგრელმა დიპლომატმა დაგმო ევროკავშირის ქმედებები და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს, უკვე 12 წელია, მართავს და ამ ხნის განმავლობაში საშუალო შემოსავალი გაიზარდა სამჯერ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე და უცხოური ინვესტიციები კი – ორჯერ. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მმართველმა პარტიამ ქართველი ელექტორატის ნდობა მოიპოვა.

„აქ, ბრიუსელში, არავის აქვს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა პიტერ სიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავის სლოვაკ პარტნიორთან ერთად, მან ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელებისთვის სანქციების დაწესებას.

მან ასევე ცალმხრივი უწოდა თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ცნობებს. სიიარტოს თქმით, მას ქართველმა კოლეგამ უამბო, რომ დემონსტრანტებს შორის არიან ასევე აგრესიული ელემენტები, რომელთა ქმედებების გამო 40-მდე პოლიციელი დაშავდა.

„ვფიქრობ, შეუძლებელია ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ იმიტომ, რომ მან უბრალოდ გადაწყვიტა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადადოს“, – განაცხადა სიარტომ.

მინისტრის თქმით, დღეს ბრიუსელში იყო საქართველოს მიმართ განაწყენებული, იმედგაცრუებული დამოკიდებულება, რომელსაც ის მხარს არ უჭერს.