ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა გადადო.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ სასაზღვრო კომპიუტერული სისტემები ჯერ მზად არ არის.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ სისტემა 10 ნოემბერს ვერ ამოქმედდება, როგორც დაგეგმილი იყო. მან აღნიშნა, რომ სისტემის ამოქმედების ახალი გრაფიკი ჯერ არ არის შემუშავებული, თუმცა განიხილება მისი ეტაპობრივი დანერგვა.
ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემა (EES) მიზნად ისახავს ციფრული ჩანაწერის შექმნას, რომელიც სამგზავრო დოკუმენტს დააკავშირებს პიროვნების ბიომეტრიულ მონაცემებთან, რაც ევროკავშირის საზღვარზე პასპორტებში ხელით ბეჭდის დასმის საჭიროებას აღმოფხვრის.
ეს სისტემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან, რომლებიც შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში შედიან, მოითხოვს თითის ანაბეჭდების რეგისტრაციას, სახის სკანირებას და მათი ევროკავშირში მოგზაურობის მიზნების დასახელებას.
სისტემის დანერგვა უკვე მესამედ გადაიდო. ის გასული წლის ზაფხულში უნდა დანერგილიყო. მანამდე ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ 2025 წლის გაზაფხულისთვის ევროკავშირში ასევე გეგმავენ ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედებას. ამ სისტემის ფარგლებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლამდე მოუწევთ ავტორიზაციის გავლა და 7 ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახადა, თუმცა, EES-ის სისტემის დანერგვის გადადების გამო, ETIAS-ის ამოქმედებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.