პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტების მიზანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში მხარდაჭერის მეტად გამყარება.
ბოჭორიშვილის თქმით, მალტაში ვიზიტის ფარგლებში ისაუბრებენ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით და რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
„გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საქართველოსთვის თითოეული სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე, რაც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, ვისაუბრებთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. მალტელ კოლეგებთან ვიმსჯელებთ, რა მოლოდინებია საქართველოს მხრიდან და რა მოლოდინები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.