ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს

6
spot_img

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ვროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება.

2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის დასაწყისში, ეკონომიკური ზრდის გაგრძელების მიუხედავად, საქართველოში ბიზნესი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ძირითადად პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამუშაო ძალის დეფიციტით არის გამოწვეული, როგორც ამას ევროკავშირის მიერ ახლად გამოქვეყნებულ საქართველოს 2024 წლის ბიზნესგარემოს ანგარიშში ვკითხულობთ.

„200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

საქართველოში ბიზნესის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები:

ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე.

სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.

მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:

მშპ-ის დანაკარგი: -26% წლიურად

დამატებულიღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარი

არარეალიზებულიბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარი

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები, ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა, ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.

„ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.

საქართველოს ბიზნესგარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე.