ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება

22
spot_img

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება და არა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ამის მიზეზი კი უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციაა.

ბრიუსელში მინისტრთა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას ბორელმა თქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრთა უმრავლესობამ უნგრეთთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია დააფიქსირა.

შეგანხსენებთ, უნგრეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილება კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ევროკავშირთან შეუთანხმებელმა ვიზიტმა გამოიწვია.

„მე გავიგე, რომ ჩვენ უნდა გავგზავნოთ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს, რომ ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლა და ევროკავშირის პოლიტიკის დისკვალიფიკაცია, როგორც ომის პარტია, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არ არის ბოიკოტი.

„მე უარვყოფ სიტყვა ბოიკოტს. არაფორმალური შეხვედრა გაიმართება და უნგრეთი იქ იჯდება“, – განაცხადა ბორელმა.