
ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში, რომლის რედაქცია ბრიუსელშია, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ „სამრეწველო გადაიარაღებას”, მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს” (ავტორები – ოლივია ეკლანდი, ინგრიდ გერკამა, სტეფანო ვერჯინე).
პუბლიკაციაში გადმოცემულია ჭიათურაში მდებარე მარგანეცის მომპოვებელ მაღაროში შექმნილი არასახარბიელო სიტუაცია გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
გიორგი ნეფარიძეს, შუახნის კაცს, რომელიც ჭიათურის ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს, ტუჩებზე დღემდე ეტყობა პირის აკერვის კვალი, რომელიც გასულ წელს, პროტესტის ნიშნად გააკეთა. მისი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ (Georgian Manganese), რომელიც საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული და მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს, მის სოფელში უმოწყალოდ ანადგურებს ბუნებას, არღვევს ეკოლოგიურ კანონმდებლობას და მუშების მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს.
გიორგი ნეფარიძე კომპენსაციას ითხოვს. იგი ევროპას, რომელიც ქართული მარგანეცის იმპორტს ახორციელებს, ბრალს სდებს იმაში, რომ ჭიათურის რაიონში ჭუჭყიანდება მდინარეები და ინგრევა სახლები. ყოფილი მაღაროელი, რომელიც ჩვეულებრივი მუშიდან მოსახლეობის სამოქალაქო უფლებებისა და ეკოლოგიური კანონმდებლობის დამცველად გადაიქცა, ამბობს, რომ ერთ-ერთ სოფელში – შუქრუთში – მცხოვრებლები იწამლებიან შხამიანი მტვერით, რომელიც ქარს ღია კარიერებიდან მიაქვს. პერიოდულად სასმელი წყალი შავად იმღვრევა და მასში მძიმე ლითონების შემცველობა მატულობს, საცხოვრებელი სახლები კი მათ ქვეშ გათხრილი გვირაბების გამო ინგრევა.
ქართული მარგანეცის მნიშვნელობა ევროპისათვის
მარგანეცი შავი ფერის მინერალია, მისგან მიიღება ქიმიური ელემენტი მანგანუმი – ლითონი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ფოლადის თვისებების გასაუმჯობესებლად. მანგანუმი უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკისათვის – „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასასვლელად იმდენად, რამდენადაც მას ბოლო დროს აქტიურად იყენებენ ქარის ელექტროსადგურების ტურბინებისა და ელექტრომობილების ბატარეების დასამზადებლად. მანგანუმი ასევე აუცილებელია სამხედრო სფეროში – მაგალითად, ჯავშნიანი ტექნიკისა და სხვა შეიარაღებისათვის.
2022 წელს ევროკავშირმა საქართველოსგან 20 ათასი ტონა ფერომანგანუმის შენადნობები შეისყიდა, რაც საერთო იმპორტის მოცულობის 3%-ს შეადგენს. 2023 წელს კი ევროკავშირმა მარგანეცი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მინერალთა სიაში შეიტანა.
მაგრამ ჭიათურის მცხოვრებლების აზრით, მათი ცხოვრება მძიმე ხდება იმის გამო, რომ ევროპელებს უფრო სუფთა ჰაერით სუნთქვა სურთ. „ჩვენ მსხვერპლად ვეწირებით იმას, რომ სხვებს კარგი ცხოვრების პირობები ჰქონდეთ, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.
ჭიათურაში 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი მათგანი ცუდი პირობების გამო ხანგრძლივად ავადმყოფობს. ანუ ჩვენ საკუთარ თავს ვწირავთ, რომ ევროპელებს უფრო სუფთა ბუნება და გარემო ჰქონდეთ“. მისი თქმით, კიბოთი დაავადების დონე რეგიონში უჩვეულოდ მაღალია. ჭიათურის საავადმყოფოს ექიმები ამას ადასტურებენ, თუმცა არცერთი ოფიციალური გამოკვლევით არ ჩანს რაიმე კავშირი კიბოს დაავადებასა და მარგანეცის მოპოვებას შორის.
ევროპა თავისივე მიღებულ კანონს არ იცავს…
იმედი იმისა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, ძალიან მცირეა. ევროპულმა კომპანიებმა ხშირად არაფერი იციან, თუ საიდან იღებენ ისინი მანგანუმს და როგორ ცხოვრობს მოსახლეობა მარგანეცის საბადოს ახლოს. ქარის ენერგეტიკის იტალიური ასოციაციის (ANEV) განცხადებით, „არ არსებობს არავითარი სოციალური ვალდებულება იმისთვის, რომ ფოლადში დასამატებელი ყველა იმპორტირებული ლითონის წარმოების გარემოებები და პირობები ვიცოდეთ“.
2024 წელს ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე სიტუაცია დადებითად უნდა შეცვლილიყო. დირექტივა ავალდებულებს კომპანიებს, რომ ყურადღებით შეამოწმონ პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და აღმოფხვრან ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას, მუშაობის ცუდ პირობებს და გარემოსათვის ზიანის მიყენებას იწვევს.
მაგრამ ამ დირექტივის ძალაში შესვლიდან ერთი წელი არ იყო გასული, რომ ევროპის კომისიის [რომლის ხელმძღვანელია ურსულა ფონ დერ ლაიენი] ინიციატივით, ამ კანონის მოთხოვნები მნიშვნელოვნად შერბილდა (მოტივაცია: მკაცრი ბიუროკრატული ბარიერებისა და კონტროლის მოხსნა). უფრო მეტიც, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უფრო შორს მიდის და კანონის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს – მაგალითად, ასე სურთ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს.
ამასობაში კი, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის მადა ისეთი ლითონების მიმართ, როგორიც არის მანგანუმი, ლითიუმი, იშვიათმიწა ლითონები, ნიკელი და სპილენძი, მკვეთრად გაიზრდება, რათა სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის დროს წარმოების გადაიარაღების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ამ ლითონების შემცველი ბევრი მინერალი, მათ შორის მარგანეციც, ხშირად ისეთ ადგილებში მოიპოვება, რომლებიც ნაკლებად კონტროლდებიან და პოლიტიკურად არასტაბილურები არიან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაწყებული, ინდონეზიით და საქართველოთი დამთავრებული. იმპორტის პროცესის გაკონტროლების მიზნით ევროკავშირის მიერ მიღებული კანონის შერბილებას [და მის სავარაუდო გაუქმებას, როგორც ეს პარიზს და ბერლინს სურთ), რა თქმა უნდა, შედეგები ექნება იმ სოფლისთვისაც, სადაც გიორგი ნეფარიძე ცხოვრობს.
ევროპის საკანონმდებლო ორგანოს – ევროპარლამენტის წევრის ანა კავაცინის (მწვანეთა პარტიიდან) თქმით, „შარშან მიღებული კანონიდან დღეს მხოლოდ ფუტლიარია დარჩენილი“. იგი თვლის, რომ ევროპელმა კანონმდებლებმა ბიზნესის ზეწოლას ვერ გაუძლეს, რადგან მრეწველებს წარმოების ხარჯების შემცირება სურთ. „მე ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების იგნორირების ხარჯზე კორპორაციებს ზედმეტი თავისუფლება არ უნდა მიეცეთ“, – ამბობს ანა კავაცინი.
…რასაც საქართველოს მთავრობის ნეგატიური მოქმედება ემატება
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო იხრება რუსეთისაკენ, ზღუდავს დემოკრატიულ უფლებებს და, შესაბამისად, ჭიათურელი აქტივისტების ცხოვრება სულ უფრო სახიფათო ხდება. მათ მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიც“ (Chiatura Management Company), რომლის მოვალეობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა სამუშაოების უზრუნველყოფა შედის და მისი ხელმძღვანელობა პროტესტანტ მუშებს პროვოკაციებს უწყობს.
ჭიათურის რეგიონის მოსახლეობა ორი მიზეზის გამო აწყობს საპროტესტო აქციებს და ეს მიზეზები ერთმანეთთან არის დაკავშირებული: პირველი – მაღაროელები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას და ავადმყოფობის დროს ბიულეტენების ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან მიწის ქვეშ, გვირაბებში მუშაობა სიცოცხლისადმი საფრთხეს ნიშნავს. გარდა ამისა, მუშები შეშფოთებულები არიან გარემოს დაცვის ცუდი მდგომარეობითაც. მეორე მიზეზი გამოიხატება სოფელ შუქრუთის მოსახლეობისადმი მიყენებული ზიანის არასრულ ანაზღაურებაში. სოფლის ქვეშ მარგანეცის მოსაპოვებლად გვირაბებია გაყვანილი, რომლის შედეგად ხდება მიწის ჩაქცევები და ნიადაგის დეფორმირება, იბზარება და ინგრევა საცხოვრებელი სახლები. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 2020 წელს ზიანის ასანაზღაურებლად 700 ათასიდან ერთ მილიონამდე ქართული ლარი გამოყო (ანუ 360 ათას დოლარამდე), რაც შუქრუთელებს შორის უნდა განაწილებულიყო. კომპანიის განცხადებით, თანხა გადახდილია, მაგრამ სოფლის მცხოვრებნი პირიქით ამბობენ. შუქრუთელებს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობა“, რომლის მტკიცებით, კომპენსაცია მოსახლეობის მხოლოდ 5%-მა მიიღო.
მიმდინარე წელს პროტესტები გაფართოვდა, მაგრამ რისკებიც იზრდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში მიღებისათვის ბრიუსელთან მოლაპარაკება შეწყვიტა, გაძლიერდა დამოუკიდებელი მასმედიის შეზღუდვა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება და ანდემოკრატიული პროპაგანდა, რასაც ქართული მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი ქავთარაძეც ადასტურებს: „მმართველი პარტიის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას, რომელიც კრემლშია დაწერილი“.
კრემლის სცენარები
თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელიც ჭიათურიდან 200 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, საპროტესტო აქციები 2024 წლის აპრილიდან იმართება, როცა მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის საწინააღმდეგოდ „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“ მიიღო. მიტინგები განსაკუთრებით გაფართოვდა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში მიღების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა. ქართველებისათვის ფსონები ძალიან მაღალია: 2008 წლის ომის შედეგად რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს და მოსახლეობა შიშობს, რომ ევროპისაგან დაშორების შემთხვევაში კრემლი თავის აგრესიას გაიმეორებს.
როცა Politico-ს ჟურნალისტები აპრილში რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა ეჭირათ და სკანდირებდნენ – „ძირს ოლიგარქები“, ძალა ერთობაშია – ევროკავშირთან ერთად“. ისინი მხარს უჭერდნენ ჭიათურელ პროტესტანტებსაც: „სოლიდარობა ჭიათურლებს! ბუნებრივი რესურსები ხალხს ეკუთვნის“.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქტივისტები უპირისპირდებიან არა უბრალოდ სამთო-მომპოვებელ კომპანიას, არამედ კორპორატიულ გიგანტს, რომლის უკან ოლიგარქები და მმართველი ელიტა დგას.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ამერიკული კომპანიის „ჯორჯიან ემერიქენ ელოიზ“-ის (Georgian American Alloys – GAA) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ფლობს. იგი ამჟამად კიევშია დაპატიმრებული, 2003 წელს მომხდარ დაქირავებულ მკვლელობასთან დაკავშირებით, ბიზნესინტერესების გამო. იგორ კოლომოისკი ამერიკული სანქციების ქვეშაც იმყოფება. GAA-ს გენერალური დირექტორია გიორგი კაპანაძე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. ბოლო ხანებამდე იგი ფლობდა ტელეკომპანია „რუსთავს“, რომელიც თავისი პროსამთავრობო პროპაგანდით არის ცნობილი. ევროპის პარლამენტმა ევროკავშირს გიორგი კაპანაძის მიმართ სანქციების შემოღებისაკენ მოუწოდა, „რომელიც მხარს უჭერს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმს“.
საქართველოს მთავრობა დაეხმარა „ჯორჯიან მანგანეზს“ იმ დროს, როცა სასამართლომ გარემოსათვის ზიანის მიყენების გამო (2016 წელს) 82 მილიონი დოლარით დააჯარიმა – თანხა ჩამოაწერა, კომპანია „სპეციალური მართვის“ რეჟიმში გადაიყვანა და ახალ დირექტორს წესრიგის დამყარება დაავალა, მათ შორის ჭიათურის რეგიონის მთავარი მდინარის – ყვირილას სისუფთავისადმი კონტროლი.
Politico-ს ჟურნალისტებმა 2025 წლის აპრილში მდ. ყვირილასა და მისი შენაკადის – ბოგირისწყალის სინჯები აიღეს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში წაიღეს და ლიცენზირებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ მარგანეცის რაოდენობა ორივე მდინარეში კანონით დაშვებულ ნორმებს 10-ჯერ აჭარბებს, ასევე მეტია რკინის შემცველობაც. ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის წყალს ნათესების მოსარწყავად იყენებს, რაც მოწამვლის რისკებს ზრდის. ყვირილაში თევზი ფაქტიურად არ არის, ის ერთვის მდინარე რიონს და შემდეგ შავ ზღვას, რომელშიც გაქრობის ზღვარზე მდგომი ცხოველები ბინადრობენ (დელფინები, ზუთხისებრი თევზები, კუები და ა.შ.).
მარგანეცის და სხვა ნივთიერებების მუდმივ ზემოქმედებას ნევროლოგიური და სიმსივნური დაავადებების გამოწვევა შეუძლია და ადამიანის ორგანიზმს მძიმე ზიანს აყენებს. „ჯორჯიოან მანგანეზი“ აღიარებს, რომ მდინარე ყვირილას გაჭუჭყიანება რეგიონის ერთ-ერთ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს და ამტკიცებს, რომ მდინარის დაცვას ახალი ტექნოლოგიებით ცდილობს – იყენებს ახალ გერმანულ ფილტრებს, „რომლის შედეგად ყვირილაში მავნე ნივთიერების შეცველი წყალი აღარ ჩაედინება“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებისათვის, მათ შორის გიორგი ნეფარიძისათვის, ასეთი განცხადება დამარწმუნებელი არ არის. მათი თქმით, კომპანია ფილტრებს მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა ინსპექტორები მოდიან, სხვა დროს კი გაუწმენდავი წყალი მდინარეში ჩადის.
ექსპორტის ბლოკირება
სასურველ შედეგებს რომ ვერ მიაღწიეს, ჭიათურის მოსახლეობამ უფრო რადიკალური ზომების მიღება გადაწყვიტა, რომ მათი ხმა იქაც გაიგონ, სადაც არ ესმით. რადიკალურ ზომებში მარგანეცის ექსპორტის ბლოკირება იგულისხმება.
67 წლის პენსიონერი გოჩა კუპატაძე მაღაროში ბრეზენტიან თავშესაფარში წევს და მის ირგვლივ ვირთხები დარბიან. მისი თქმით, „შავი ქვა ჩვენთვის შავ ჭირად გადაიქცა. ჩვენ მხოლოდ პროტესტის გამოხატვაღა შეგვიძლია“. გოჩა კუპატაძის ამოცანაა გააკონტროლოს, რომ მარგანეცი მაღაროს გარეთ არ გავიდეს. მან, სხვებთან ერთად, ბოქლომი დაადო გენერატორის სათავსოს, რომელიც მაღაროს სავენტილაციო სისტემას კვებავს, ანუ მაღარო ჰაერის ვენტილაციის გარეშე ვერ იმუშავებს.
გოჩა კუპატაძის თქმით, იგი ასეთ რადიკალურ აქციაში იმიტომ მონაწილეობს, რომ მისი მშობლიური სოფელი შუქრუთი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. 1958 წელს აშენებული მამა-პაპეული სახლი ამჟამად ინგრევა, კედლებში ბზარები გაჩნდა, სახლის ქვეშ მიწა ჩაქცეულია მარგანეცის მრავალწლიანი მოპოვების გამო. ვენახში, რომელიც ჯერ კიდევ მისმა წინაპრებმა გააშენეს, ვაზი უკვე დიდი ხანია გახმა.
თითქმის ერთი წელია პროტესტანტები მაღაროს შესასვლელს და გზებს ბლოკავენ, რომ მარგანეცი ჭიათურიდან არ გავიდეს. შედეგი სახეზეა: შვიდი თვის წინათ Chiatura Management Company-მ განაცხადა, რომ „პროტესტების გამო მას ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და ამიტომ მიწისქვეშა სამუშაოებს წყვეტს“. მიზანი მიღწეულია, მაგრამ ჭიათურელებისათვის ეს პიროსის გამარჯვებას ნიშნავს, ანუ ფაქტიურად ისინი დაზარალდნენ.
საქმე იმაშია, რომ მარგანეცის მოპოვება ჭიათურაში და მის ახლო-მახლო სოფლებში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1879 წელს დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მაღაროებში მუშაობა შემოსავლების მთავარი წყარო გახდა. შუქრუთი მაღაროელების სამრეწველო დასახლება იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აღმავლობის გზაზე იდგა და მარაროში მუშაობაც ბევრად უკეთესი იყო. დღეს ჭიათურაში ძველი „საბჭოთა დიდებისაგან“ მხოლოდ ჰაერში გაჭიმული ფოლადის გვარლები და დაჟანგებული საბაგირო ვაგონები შემორჩა, რომლებიც იმ ბეტონის შენობების ზემოთ ირხევიან, სადაც მარგანეცის მადნის გარეცხვის ძველი მოწყობილობებია.
თუ ადრე ადგილობრივი მცხოვრებლები მიყენებული ზიანისათვის კომპენსაციას ითხოვდნენ, ახლა ისინი საერთოდ სამუშაოს გარეშე დარჩნენ.
და რაც უფრო უარესია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელსაც ლიცენზია აქვს 16 430 ჰექტარი წიაღი 2046 წლამდე დაამუშაოს, ახლა მადანს არა მიწისქვეშა მაღაროებში, არამედ ღია კარიერებიდან იღებს, ანუ გარემოს დაცვას უფრო მეტი საფრთხე დაემუქრა. გიგანტური ექსკავატორები მიწას თხრიან, მათში უზარმაზარ ორმოებს აკეთებენ, ხოლო შხამიანი მტვერი მოსახლეობის სახლებს და ბაღ-ბოსტანს ეფინება.
ზოდელტა გასაჭირი
სოფელი ზოდი პლატოზეა განლაგებული, ჭიათურიდან 10 კილომეტრში. ადგილობრივები სოფლის მეურნეობას მისდევენ, სოფლის ახლოს მდებარე მინდორ-ველებზე კი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბალახს ძოვს. „ზოდი ძალიან ლამაზი სოფელია თავისი მიკროკლიმატით, რომელიც მევენახეობის ხელშემწყობია“, – გვიყვება კოტე აბდუშელიშვილი, 36 წლის კინორეჟისორი, რომელიც წარმოშობით ზოდიდანაა.
სამთო-მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, სოფელში მარგანეცის მნიშვნელოვანი მარაგია. 2023 წელ ზოდში მუხლუხოებიანი ტექნიკა მიიტანეს და მიწის თხრა დაიწყეს. ისინი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მათ შორის კოტე აბდუშელიშვილმაც, სოფლის ტერიტორიიდან გააძევეს. „ჩვენ მადნის მომპოვებლები შევაჩერეთ – გავაფრთხილეთ, რომ მუშაობას მხოლოდ ჩვენს სხეულებზე გადავლით დაიწყებენ“, – ამბობს კოტე. იგი გაემგზავრა ჭიათურაში, მივიდა კომპანიის ოფისში და სახელმწიფოს მიერ დანიშნული „სპეციალურ მმართველ“ დირექტორთან შეხვედრა მოითხოვა. როცა მას შეხვედრაზე უარი უთხრეს, მივიდა ღია ფანჯარასთან და მათ გასაგონად დაიყვირა: „თქვენ შეგიძლიათ დაგვხოცოთ, მაგრამ ვერ შეგვაჩერებთ“.
ორი დღის შემდეგ, როცა კოტე აბდუშელიშვილი თბილისის ქუჩებში მიდიოდა, მას თავს დაესხა მანქანიდან გადმოსული ორი ნიღბიანი პირი, წააქციეს და ცემა დაუწყეს.
ევროპას მეტი მარგანეცი ჭირდება
ჭიათურელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აგრძელებს მარგანეცის ექსპორტს ევროპულ ბაზარზე. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ჭიათურის მარგანეცის 6 ათასი ტონა გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წინაშე კლიმატისგან და სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციისგან გამოწვეული პრობლემები დგას, მარგანეცის მოპოვება, სავარაუდოდ, გაიზრდება.
და იმის კვალობაზე, რომ ევროკავშირი თავისი კომპანიების პასუხისმგებლობისადმი მოთხოვნებს აიოლებს, ხოლო საქართველო თანდათან ხდება ავტორიტარული ქვეყანა, ჭიათურელთა ხმა სულ უფრო სუსტდება და ნაკლებად ისმის.
„ჩვენ არაფერს შეუძლებელს არ ვითხოვთ, – ამბობს აქტივისტი თენგიზ გველესიანი, რომელიც გიორგი ნეფარიძესთან ერთად იყო დაკავებული, – გვინდა მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრება, შრომის კარგი პირობები და სუფთა ჰაერი“.
Politico-ს ჟურნალისტების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა სიტუაციისათვის, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ არ უპასუხა.
მოამზადა სიმონ კილაძემ