
ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინური სააგენტო STT ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 6 მარტს ევროკავშირი რიგგარეშე სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს განხილავს.
სამიტის გადაწყვეტილების პროექტში, რომელსაც ჟურნალისტები გაეცნენ, უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი ან რაიმე ციფრები არ არის ჩაწერილი.
ჟურნალისტების ცნობით, ამ ეტაპზე ევროკავშირის ლიდერებს შორის უკრაინის დახმარების მოცულობასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს.
პროექტში ევროკავშირის ლიდერები გამოდიან მოწოდებით, რომ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას და დადებითად არის შეფასებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდის მზაობა.
ასევე, პროექტში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, საუბარია ევროკავშირის მზადყოფნაზე, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, შესაძლებლობების, პოლიტიკური ხაზისა და წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.
პროექტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ უნდა მოიცავდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
ცნობისთვის, 4 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ევროკავშირის გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გეგმა, რომელიც, მისი თქმით, სამხედრო ხარჯებისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას შეუწყობს ხელს.
გეგმის დეტალები ევროკავშირის ლიდერებს 6 მარტის სამიტის წინ გადაეგზავნათ.