“ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ” – ჯოზეფ ბორელი

72
spot_img

კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და საქართველოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ უფლება.

ამასთან, ბორელის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მხარს უჭერს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის.. და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან, რამდენიმე კვირაში, ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოს შესხებ, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, ანგარიშს წარადგენს.

და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე – კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ…

მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ასევე, სერიოზული ვალდებულებაა. და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად შეიძლება უფლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი”, – განაცხადა ბორელმა.