ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
კერძოდ, პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სამი ტელევიზიის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ “”ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას” და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
პაპუაშვილმა წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების აღნიშნული განცხადებების საფუძველი სწორედ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის განცხადება გახდა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ როგორი თამამიც იყო ელჩი ჰერჩინსკი სარეკლამო რგოლის შეფასებაში, ასევე თამამი იქნება საარჩევნო დარღვევის შეფასებაშიც.
„კანონის დარღვევა რა თქმა უნდა, შედეგს იწვევს. საგზაო მოძრაობაში არსებობს სიჩქარის ლიმიტი. ლიმიტს თუ გადააჭარბებთ, არის სანქციები. იმისთვის, რომ სანქციები არ იყოს, კანონს უნდა დაემორჩილოს და სიჩქარის ლიმიტს არ გადააჭარბოს. იგივე არის ამ შემთხვევაში. ცალსახაა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა, რომელსაც სამი ტელევიზია სჩადის. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ უნდათ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნან.
ამავე დროს, სამწუხაროა და ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისევე არასამთავრობოების განცხადებაში, საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება. ეს იმის დასტურია, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას მავნე შედეგი აქვს. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანონის დარღვევა, მათ შორის გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება. ამიტომ, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო რგოლის შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება მათ პარტიულობას ადასტურებს.
„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მათ პარტიულობის პირდაპირი დასტური, ვინაიდან, ისინი ამას არათუ დარღვევას ისე ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. გავეცანი ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას. ეს ის NGO-ები არიან, რომლებმაც 2020 წლის 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, საია-ს, „გამჭვირვალობას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს. ყალბი დასკვნა, რომელშიც ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ ისე, თითქოს არჩევნების შედეგები გვიან გამოქვეყნდა. თითქოს უბნების 8%-ში დისბალანსი იყო. აი, ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე ოპოზიციას რევოლუციურ სცენარის განვითარებისთვის საბაბი მისცეს. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს NGO-ები. ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, სადაც თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ პირდაპირ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნა და მოუწოდა, რომ სარეკლამო საარჩევნო რგოლი არ გაუშვან და ეს დარღვევა გაამართლა. ეს აჩვენებს, თუ რისთვის ემზადება ე.წ. ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნებზე. მოლოდინი არის, რომ 26 ოქტომბერს, დღის ბოლოს ან 27 ოქტომბერს იგივე სიყალბე იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.