
ევროკავშირის ელჩი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს, რეგიონებში დადის და არასრულწლოვნებს ხვდება. საინტერესოა, რაზე საუბრობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახდა, რაც არის აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის განცხადება.
„სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა კომიკური ხასიათი მიიღო. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს, რეგიონებში დადის და არასრულწლოვნებს ხვდება. საინტერესოა, რაზე საუბრობს, USAID-ის და ევროკავშირის მხრიდან როგორ ფინანსდებოდა საქართველოში შავი ფულით პროცესები? თუ იმაზე, რომ ტრანსგენდერი და ლგბტ პროპაგანდა დამთავრდა, მათ შორის საქართველოშიც და მსოფლიოშიც და ახლა ტრადიციები არის აღსადგენი? სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ევროკავშირის ელჩი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახდა. ეს ჩემი სიტყვები კი არ არის, ეს არის ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა „დიფ სთეითი” აირჩია და მის ბედს გაიზიარებს.
„ევროკავშირის ელჩი უნგრეთს, სლოვაკეთსა და იტალიას წარმოადგენს, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში სულ სხვა პოზიციაზე არიან, ვიდრე ევროკავშირის ელჩი, და ეს ახსნას, რადგან ის ერთი ან ორი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ არის. უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არ არის, ან სლოვაკეთი, ან იტალია? ევროკავშირის ელჩს ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს, ამიტომ არის მხილებული, რომ აქ არის არა ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენელი, არამედ, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“, რომელსაც სამართლიანად ებრძვის ამერიკის პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.