კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა დახურულ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური იტყობინება.
„დაახლოებით საათ-ნახევრის წინ პრიგოჟინი დაკრძალეს“, – ინფორმაცია RTVI-ს კორესპონდენტს პოროხოვსკის სასაფლაოს ადმინისტრაციის თანამშრომელმა დაუდასტურა.
ამასთან, როგორც „რია ნოვოსტისთან“ საუბარში წყარომ აღნიშნა, დაკრძალვა პრიგოჟინის ახლობლების სურვილის შესაბამისად ჩატარდა.
მათ სურდათ, რომ ბიზნესმენის დაკრძალვაზე მხოლოდ ოჯახის ახლობლები და უახლოესი მეგობრები ყოფილიყვნენ.
27 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა გენეტიკური კვლევა.
როგორც TASS-ს საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა დაღუპულის ვინაობა დადგენილია, მათ შორის არის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით, ბორტის 10 წევრს შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები, მათ შორის მისი ხელმძღვანელიც, იმყოფებოდნენ.