ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ციხიდან გათავისუფლდა და შინაპატიმრობა მიესაჯა. ყოფილმა ევროპარლამენტარმა გისოსებს მიღმა ოთხი თვე გაატარა.
ევა კაილი ამიერიდან შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით იქნება.
„მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა“, – განაცხადა ევა კაილის ადვოკატმა, სვენ მარიმ.
ბერძენი დეპუტატი 9 დეკემბერს დააკავეს. შემდეგ 44 წლის დეპუტატს ბრალი წაუყენეს კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში და წინასწარი პატიმრობის ფარგლებში ჰარენის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც მდებარეობს ბრიუსელის გარეუბანში.
ბრალდების მიხედვით, საქმე მოიცავს დიდ თანხებს და სოლიდურ საჩუქრებს, რომლებიც სავარაუდოდ გადაიხადეს კატარმა და მაროკომ ევროპული პოლიტიკის შემუშავებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ორივე ქვეყანა უარყოფს რაიმე სახის დარღვევას. ბელგიის პოლიციამ 1.5 მილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული ამოიღო სახლებისა და ოფისების ათობით ჩხრეკის შედეგად. ბრალდებას თავად ევა კაილიც უარყოფს.