ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ეუთო/ოდირი ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს -არჩილ გორდულაძე

70
spot_img

მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელის მეთაურობით, ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ისევ და ისევ იმსჯელონ რეკომენდაციის შესრულებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შემდგარია და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს ეუთო/ოდირი.

„ჩვენც უნდა მოვუწოდოთ სხვა ადამიანებს, იქნებიან ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, რადგან ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ლეგიტიმაცია მიანიჭოს და, ამავდროულად, აირჩიოს ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხი და არა ეს განცხადებები. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ლეგიტიმური ჩვენს ქვეყანაში. ასეთ განცხადებაზე არავის რომ არ ამოუღია ხმა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანების გაერთიანებაა შემდგარი“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ვიზიტის ჩაშლის იმედი და რატომ არ უნდათ, ეს ვიზიტი შედგეს.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან სხვა შემთხვევაში მათი ტყუილები გამოაშკარავდება. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს ნარატივი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ შექმნილი და ამით ცდილობენ, ისევ ქართველი ხალხი მოატყუონ, ჩაეფუშებათ, ჩამოეშლებათ და ამის შემდეგ აღარ შეეძლებათ, მუხტის გაზრდა ქუჩებში, აღარ შეეძლებათ, როგორმე გადატრიალება მოაწყონ. ზუსტად ამიტომაც არის, რომ სახე აქვთ დაკარგული, როგორც „წარმატებულ“ ნეობოლშევიკებს შეეფერებათ. როგორც „წარმატებულ“ სერგო ორჯონიკიძეს შეეფერებოდა, ზუსტად ანალოგიური შინაარსის განცხადებებით არიან წარმოდგენილი და ანალოგიური შინაარსის უსტარებს და „დანოსებს“ წერენ, რომ ჩაშალონ ეს ვიზიტი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი „ახალი კუბილიუსია, ახალი რასაა, ახალი როთია, რადგან ეს ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის უკვე „გაცვდნენ“ და მათ განცხადებებს აღარავინ აქცევს ყურადღებას“.

„ახლა ახალი პირი გამოაჩინეს, რომელიც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თავისი განცხადებებით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს, რათა როგორმე ჩვენი ქვეყნის ქუჩებში გაიზარდოს მუხტი. ეს წარუმატებელი იქნება, რომ როგორმე გადაიზარდოს გადატრიალების მცდელობაში“, – განაცხადა გორდულაძემ.

ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.