ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის განცხადებაში.
„არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ოდირ-ის დირექტორმა, მარია თელალიანმა.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირ-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება. მათივე ცნობით, წარსულში, ოდირ-მა საქართველოდან დროულად მიიღო მოწვევები 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რამაც ორგანიზაციას საშუალება მისცა, არჩევნებისთვის ეფექტურად მომზადებულიყო.
„როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.